ჩემპიონთა ლიგა | კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს – „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა „პარი სენ-ჟერმენში“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, პარიზელები 0:1 დამარცხდნენ.
არ გამართლდა პოპულარული ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებდა და მის ნაცვლად ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში დეზირე დუეს ათამაშებდა.
კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მე-20 წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ცხრა წუთში ქართველმა ვარსკვლავმა კიდევ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ინგლისელები მეკარე ალისონმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმშიც ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, თუმცა, მისი მცდელობების მიუხედავად, „ლივერპულის“ კარში პარიზელები გოლს ვერ იტანდნენ.
78-ე წუთზე ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი შეცვალა. შეხვედრის ბედი კი 87-ე წუთზე გადაწყდა – „ლივერპულის“ სწრაფი კონტრშეტევა შეცვლაზე შესულმა ჰარვი ელიოტმა დააგვირგვინა. ეს ინგლისელთათვის პირველი ზუსტი დარტყმა იყო შეხვედრაში.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.