ჩემპიონთა ლიგა I „დინამო თბილისი“ ყაზახეთში „ასტანას“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ევროსეზონი გახსნა. თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „ასტანას“ სტუმრად დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

მატჩი, რომელიც ხელოვნურსაფარიან „ასტანა არენაზე“ გაიმართა, მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, საქართველოს ჩემპიონს მაღალი პრესინგით გასაქანს არ აძლევდნენ და მე-11 წუთზე დაწინაურდნენ. გოლი მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა აბატ აიმბატოვმა გაიტანა.

ცუდი სტარტის შემდეგ „დინამო“ ტაიმის ბოლოს ძალიან გააქტიურდა და ოთხი მწვავე მომენტი შექმნა. 33-ე წუთზე უსმანე კამარამ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. თბილისელთა გვინეელ თავდამსხმელს 42-ე წუთზეც ძალიან რეალური შანსი მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. ულად-ომარ იმრანმა 45-ე წუთზე ბურთი ძელს მოარტყა, დავით კობოურის (45+3) ძლიერი დარტყმა კი „ასტანას“ მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

„დინამომ“ მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყო და 58-ე წუთზე მიზანს მაინც მიაღწია. იმრანის სახიფათო გასროლის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ 18 წლის გაბრიელ სიგუამ „ასტანას“ კარი დამატებაზე აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

გაშვებული გოლის შემდეგ ყაზახებმა მთელი ძალით შეუტიეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და მატჩი ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „დინამო თბილისსა“ და „ასტანას“ შორის 19 ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

„ასტანა“ – „დინამო თბილისი“ 1:1

გოლები: 1:0 აიმბეტოვი (11, ვოროგოვსკის პასით). 1:1 სიგუა (55)

„ასტანა“: ჩონდრიჩი, აროიანი, ბაისებეკოვი, ამანოვიჩი, გაბიშევი (16. კ. ჰოვანესიანი), იოვანჩიჩი, ებონგი (88. დარაბაევი), ვოროგოვსკი (88. ასტანოვი), ტომასოვი, აიმბეტოვი (72. დარბო), ორეგა (72. დოსმაგომბეტოვი)

სათადარიგოები: პოდიმსკი, ზარუცკი; კუატი, პროკოპენკო, ბასმანოვი, ჟაკსილიკი.

მწვრთნელი: გრიგორ ბაბაიანი

„დინამო თბილისი“: ლორია, მალი (72. მაისურაძე), მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური (46. კალანდაძე), ხარაიშვილი (72. ხვადაგიანი), ბარნს ოსეი (72. ოსიყმაშვილი), სიგუა, იმრანი (82. სანგარე), კამარა, სხირტალაძე

სათადარიგოები: კერესელიძე, კუტალაძე; მოისწრაფიშვილი, იობაშვილი, ლაკვეხელიანი.

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: კალანდაძე (50).

არბიტრი: კრისტიან-პეტრუ ჩოკირკა.