ჩემპიონთა ლიგა | გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „კაირათი“ დაამარცხა - ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გიორგი ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და „სპორტინგს“ ალმატის „კაირათის“ დამარცხებაში (4:1) დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მატჩის დასაწყისშივე (მე-4 წუთზე) ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი ასისტი შეასრულა. ქოჩორაშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ზარიას, ის ყაზახური კლუბის განაცხადში არ ყოფილა. ქართველი თავდამსხმელი „სლოვანთან“ პლეი ოფის შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.
„სპორტინგს“ 21-ე წუთზე დაწინაურება შეეძლო, თუმცა გუნდის კაპიტანმა, მორტენ ჰიულმანდმა პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი „კაირათის“ 18 წლის მეკარემ, კალმურზა სერხანმა მოიგერია. მიუხედავად ამისა, 44-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში მაინც გახსნეს – ქოჩორაშვილის პასით თავი ტრინკაომ გამოიჩინა.
შესვენების შემდეგ „სპორტინგი“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და მოკლე მონაკვეთში სამი გოლი გაიტანა – ტრინკაომ (65) დუბლი შეასრულა, თავი გამოიჩინეს ალისონ სანტოსმა (67) და კუენდამ (68). „კაირათის“ მხრიდან გოლი სანტოსის (86) ანგარიშზეა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე შემდეგ შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ პირველ ოქტომბერს გასვლაზე „ნაპოლისთან“ გამართავს, ხოლო ალმატის „კაირათი“ 30 სექტემბერს მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.