ჩემპიონთა ლიგა - ფრენკ ლამპარდმა ამსტერდამში გამართულ მატჩს სიგიჟე უწოდა
ჩემპიონთა ლიგა - ფრენკ ლამპარდმა ამსტერდამში გამართულ მატჩს სიგიჟე უწოდა

„ამსტერდამ არენაზე“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩს, რომელშიც „აიაქსმა“ ლონდონის „ჩელსისთან“ ანგარიშით 4:4 ითამაშა, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა სიგიჟე უწოდა და შეადარა იმ სანახაობრივ მატჩებს, რომლებიც თავად ჩაუტარებია ფეხბურთელობისას.

„ამ საღამოს ნამდვილი სიგიჟე იყო. არა მგონია, ჩემი ფეხბურთელობის დროს მსგავსი მატჩი ბევრი ყოფილიყო“, – განაცხადა ლამპარდმა, რომელიც „ჩელსის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბრარდირია, ხოლო 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, – „თუმცა, რამდენიმე გიჟური და საოცარი საღამო ნამდვილად გამომიცდია და ეს მატჩიც რაღაც ამდაგვარი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ანგარიში მატჩში აბრაჰამის მეორე წუთზე გატანილი ავტოგოლით გაიხსნა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მეხუთე წუთზე ჟორჟინიომ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ამის შემდეგ ჰოლანდიელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და 63-ე წუთამდე ანგარიშით 4:1 იგებდნენ.

მიუხედავად ამისა, ასპილიკუეტამ, ჟორჟინიომ და ჯეიმსმა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს და „ჩელსის“ ქულა გადაურჩინეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონელებმა მეხუთეც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორებამ ეს გოლი ხელით თამაშის გამო გააუქმა.

დატოვე კომენტარი