ჩემპიონთა ლიგა | ბათუმის „დინამო“ ბრატისლავას „სლოვანთან“ ბოლო წამზე დამარცხდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | ბათუმის „დინამო“ ბრატისლავას „სლოვანთან“ ბოლო წამზე დამარცხდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავას „სლოვანს“ უმასპინძლა და ვლადიმირ ვაისის გუნდთან ურთულეს შეხვედრაში მტკივნეული მარცხი განიცადა.

ბათუმის არენაზე მატჩი თეთრი და ლურჯი მაისურებით მისულმა ბათუმელმა გულშემატკივრებმა გადაავსეს. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი დააყენა – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე.

ბათუმის „დინამომ“ პირველი მატჩი გასვლაზე კაცნაკლულმა 0:0 დაასრულა და განმეორებით მატჩს მცირე უპირატესობით იწყებდა, რადგან საკუთარ სტადიონზე თამაშობდა. პირველ ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა 0:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზურიკო დავითაშვილის აქტიურობის შემდეგ „სლოვანის“ კართან ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ სტუმრების მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 68-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურს სანდრო ალთუნმაშვილის გადაცემის შემდეგ მიეცა, მაგრამ მეკარესთან მარტო დარჩენილმა სუსტად დაარტყა და ვერ გაიტანა.

ამ მომენტიდან ორ წუთში „სლოვანმაც“ ძალიან სახიფათოდ შეუტია და პირველი საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ იარომირ ჟმრალის დატყმას მეკარე კუპატაძე გადაეფარა. 75-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის სტუმართა საჯარიმოში წაქცევისთვის პორტუგალიელ არბიტრს პენალტის დანიშვნა შეეძლო, მაგრამ „სლოვანი“ დაინდო.

გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და დაინიშნა დამატებითი დრო. მე-100 წუთზე მშვენიერი შანსი ჰქონდა ჯიღაურს, მაგრამ ახლოდან ვერ გაიტანა. მაგრამ 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილი სლოვაკების საჯარიმოში შეძვრა, სამ მცველს გაცდა და ნანატრი გოლით ბათუმის „დინამო“ დააწინაურა 1:0.

მაგრამ დარჩენილ წუთებში ბათუმელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 115-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანის დარტყმული ბურთი გიორგი რეხვიაშვილს მოხვდა და მიმართულება შეცვლილი ბათუმელთა კარში აღმოჩნდა 1:1.

მატჩის ბოლო წამზე კი ვლადიმირ ვაისი უმცროსმა დაინახა, რომ მეკარე კუპატაძე კარიდან გამოსული იყო და კუთხურიდან ჩაახვია და გაიტანა 1:2. ძალიან სამწუხაროა – ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ისე გამოეთიშა, ორივე შეხვედრაში მეტოქეს სჯობდა, მაგრამ შეცდომებმა გუნდს წინსვლის საშუალება არ მისცა.

ბათუმური კლუბი ევროსეზონს კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს, სადაც მეორე ეტაპიდან ითამაშებს.