ჩემპიონშიფის თვის მოთამაშის მადლობა არველაძეს - ჯილდო შოთასაც ეკუთვნის, მისგან ბევრს ვსწავლობ #1TVSPORT
ჩემპიონშიფის თვის მოთამაშის მადლობა არველაძეს - ჯილდო შოთასაც ეკუთვნის, მისგან ბევრს ვსწავლობ #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფის ბოლო სამ ტურში დამარცხდა, მაგრამ აგვისტოში გუნდი წარმატებით გამოდიოდა და თვის მოთამაშედ ქართველი სპეციალისტის მიერ ინგლისში დამატებული ფეხბურთელი აღიარეს – ოსკარ ესტუპინანი, რომლის გუნდში გადმოყვანა „ჰალ სიტიმ“ სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლოს მოახერხა.

კოლუმბიის ნაკრებში ნათამაშები 25 წლის თავდამსხმელი შოთა არველაძემ თურქულ „დენიზლისპორში“ შენიშნა და ბოლო მომენტში დაიმატა. ის კი ჩემპიონშიფში აგვისტოს ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ესტუპინანი კომენტარი გააკეთა და გუნდის მეპატრონეს, აკუნ ილიჯალს და მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს ნდობსითვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ჯილდო გუნდს ეკუთვნის და მიმაჩნია, რომ ამიტომაც დამაჯილდოეს. უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მივიღე ეს ჯილდო. ეს არ არის მხოლოდ ჩემთვის გადმოცემული ჯილდო. ეს არის ჯილდო, რომელიც ასახავს ჩვენი მეკარის, ჩვენი ნახევარმცველების და ფორვარდების შრომას, ჩვენი მწვრთნელის, შოთა არველაძისა და გუნდის მუშაობას. მადლობა მათ, ვინც მომცა შანსი. ეს არის ჯილდო მთელი გუნდისთვის.

გაკვირვებული ვარ გატანილი გოლების რაოდენობით. ეს გუნდური და მწვრთნელის მუშაობისა ანარეკლია, რადგან სწორედ ისინი მაძლევენ გოლის გატანის შანსებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა ჩემს პოზიციაზე მათამაშა. ის მაძლევს ყველა საჭირო რჩევას, როგორ გავხდე უკეთესი ფეხბურთელი.

ეს ჩემთვის ბევრს ბევრს ნიშნავს და იმაზე მეტყველებს, რომ მას სჯერა ჩემი განვითარებისა და სურს, რომ საუკეთესო თვისებები უმაღლეს დონეზე ვაჩვენო. ვიმედოვნებ, რომ მასთან და გუნდთან ერთად კიდევ გავიზრდები და ბევრს ვისწავლი“, – განაცხადა ესტუპინანმა ჯილდოს გადაცემის შემდეგ.

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა (ერთი შეხვედრა ითამაშა ეროვნულ ნაკრებში) „ჰალ სიტიში“ 9 მატჩში ჩაატარა და უკვე ფენომენალური შედეგი აჩვენა – ოსკარ ესტუპინანმა 7 გოლთან ერთად ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.