ჩემპიონობით დავიწყე და ჩემპიონობით დავასრულე - გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ლეგენდა ვაჟა გვანცელაძე #1TVSPORT
ჩემპიონობით დავიწყე და ჩემპიონობით დავასრულე - გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ლეგენდა ვაჟა გვანცელაძე #1TVSPORT

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული „დინამოს“ წევრი ვაჟა გვანცელაძე. დინამოელებმა 1950, 1953 და 1954 წლებში სამჯერ მოიპოვეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა კალათბურთში. სწორედ ამ გუნდის წევრი იყო ვაჟა გვანცელაძე, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მედიცინაში მიაღწია დიდ სიმაღლეებს.

თანაგუნდელს „დინამოს“ კაპიტანი გურამ მინაშვილი ასე იხსენებდა:

„ვაჟა გვანცელაძეს კრუმინშის სპეციალისტს ვეძახდით, 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში ლატვიელი გოლიათი კრუმინში ევროპელი ცენტრებისთვისაც დაუძლეველი სიმაღლე იყო, ვაჟა გვანცელაძეს კი მისი მეურვეობა ძალიან კარგად გამოსდიოდა“.

„ჩემპიონობით დავიწყე და ჩემპიონობით დავასრულე. „დინამოში“ რომ მივედი, გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. ეს იყო 1950 წელს, ხოლო კარიერის ბოლო სეზონში, 1959 წელს კვლავ მოვიგე საბჭოეთის პირველობა. მას მერე მთლიანად ინსტიტუტზე გადავერთე. თავიდანვე მიზიდავდა მედიცინა“, – გვითხრა რამდენიმე წლის წინ ბატონმა ვაჟამ, რომელმაც 1965 წელს საკანდიდატო, 1988 წელს კი სადოქტორო დისერტაციები დაიცვა.

პირველმა გამოიკვლია ზვარეს მინერალური წყლის დადებითი სამკურნალო ეფექტი პანკრეასის გარესეკრეციულ ფუნქციაზე ქრონიკული ქოლეცისტიტითა და გასტრიტით დაავადებულ ავადმყოფებში. საბჭოთა კავშირში პირველად მან დანერგა ვიზუალური მრავლობითი გასტრობიოფსია. ასევე, პირველმა შესწავლა შაქრიანი დიაბეტისას ელექტროკარდიოგრაფიულად ფარულად მიმდინარე კორონარული უკმარისობა მასტერსის სინჯის გამოყენებით.

ვაჟა გვანცელაძე საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო აკადემიის აკადემიკოსი 72 სამეცნიერო ნაშრომის, 2 სასწავლო სახელმძღვანელოს და 1 მონოგრაფიის ავტორია.