ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა - გეგუჩაძემ ოქროს მედალი ბათუმელ გულშემატკივართა კლუბს გადასცა #1TVSPORT
ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა - გეგუჩაძემ ოქროს მედალი ბათუმელ გულშემატკივართა კლუბს გადასცა #1TVSPORT

გია გეგუჩაძემ საჩემპიონო ოქროს მედალი, რომლისთვისაც ბათუმის „დინამოს“ ოთხი წელი „აშენებდა“, ბათუმელ გულშემატკივართა კლუბს – „შავი ზღვის მეკობრეებს“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელთა ფან-კლუბის გვერდი ავრცელებს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ჩემპიონობა. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, მეორე ლიგიდან დაწყებული, ორჯერ ვიცე-ჩემპიონები გავხდით, წელს კი ჩემპიონობა ვიზეიმეთ. ფანკლუბის გარეშე ჩატარებული შეხვედრა არ მახსენდება. მინდა ჩემი პირადი მედალი „მეკობრეებს“ გადავცე“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გუნდის ჩემპიონობაში „შავი ზღვის მეკობრეებს“ შეტანილი წვლილია.

„ჩვენს გულშემატკივრებს, ალბათ ექნებათ პატარა მუზეუმი და ეს მედალი იქ დაიდებს ბინას. ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა, ყველაფერს აკეთებდით ტრიბუნაზე და ფეხბურთელები მინდორზე. ჩვენ ეს ერთად შევძელით“, – ამბობს გია გეგუჩაძე.