ჩემი შეცდომის შემდეგ გუნდი გაძლიერდა - მესიმ ავსტრალიასთან მერვედფინალურ მატჩზეც ისაუბრა #1TVSPORT
ჩემი შეცდომის შემდეგ გუნდი გაძლიერდა - მესიმ ავსტრალიასთან მერვედფინალურ მატჩზეც ისაუბრა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ პოლონეთთან მატჩში გაფუჭებულ პენალტზე კომენტარი გააკეთა (მატჩი 2:0 არგენტინელების სასარგებლოდ დასრულდა).

„სამწუხაროა, რომ თერთმეტმეტრიანიდან გატანა ვერ მოვახერხე, მაგრამ ჩემი დაშვებული შეცდომის შემდეგ გუნდი გაძლიერდა. ვიცოდით, რომ როგორც კი პირველ გოლს გავიტანდით, ეს მატჩის მიმდინარეობას შეცვლიდა“, – მესის სიტყვები სოციალურ ქსელში არგენტინის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

არგენტინელთა ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა ავსტრალიასთან მერვედფინალში გასამართ შეხვედრაზე,

„ავსტრალიასთან მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან ძალები თანაბარია და წინასწარ ძნელია იმის თქმა, შეხვედრას ვინ მოიგებს. მატჩისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და თამაშამდე ასე უნდა მივიდეთ. ახლა იწყება მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ისეთ დონეზე თამაში, როგორც დღეს მოვახერხეთ“.

არგენტინისა და ავსტრალიის მატჩი შაბათს, 3 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრას ერ-რაიანის „აჰმედ ბინ ალი სტედიუმი“ უმასპინძლებს.