ჩემ ადგილას სხვაც იმავეს გააკეთებდა - ფიფა-მ ლოჩოშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ჩემ ადგილას სხვაც იმავეს გააკეთებდა - ფიფა-მ ლოჩოშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა #1TVSPORT

ფიფა-ს ოფიციალურმა გვერდმა წერილი გამოაქვეყნა ლუკა ლოჩოშვილზე, რომელსაც ტრადიციულ გალასაღამოზე ფეარპლეის პრიზი (სამართლიანი თამაშის პრიზი) გადასცეს.

„ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს სამართლიანი თამაშის ჯილდოს მფლობელი გახდა. ქართველმა მცველმა ერთ-ერთი მეტოქის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს ამბავი ერთი წლის წინ, 2022 წლის 27 თებერვალს მოხდა, როდესაც ვენის „აუსტრია“ ავსტრიის ჩემპიონატში „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ფეხბურთი გარკვეული დროით უკანა პლანზე გადავიდა. ნიკოლას ვერაშნიგთან დუელში „აუსტრიასგარემარბს, გეორგ ტეიგლს შემთხვევით მუხლი მოხვდა და გაზონზე უგონოდ დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირების უმეტესობა გაოგნებული იყო, „ვოლფსბერგის“ მაშინდელმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა გააცნობიერა ვითარების სერიოზულობა. ინციდენტის დროს 23 წლის ქართველს ეყო სიმამაცე, რომ ტეიგლი გადაერჩინა.

ტეიგლს, რომელსაც თავის ქალისა და ყბის მოტეხილობა აღენიშნებოდა, სამედიცინო ჩარევა ჩაუტარდა და ექიმების თანხლებით მოედანი დატოვა. ლოჩოშვილის გმირობას თანაგუნდელები და მეტოქეები მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ემოციების ქვეშ სტადიონზე შეხვედრის სპორტულ მხარეზე არავინ ფიქრობდა (მატჩი ვენელების გამარჯვებით 1:0 დამთავრდა).

განსაკუთრებული გამოხმაურება

„ლუკას რეაქცია განსაკუთრებული იყო. ყველა სპორტული მოვლენის გათვალისწინებით, მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც დღემდე მოხდა“, – განაცხადა „ვოლფსბერგის“ მწვრთნელმა, რობინ დატმა.

აღფრთოვანებას არ მალავდა მეტოქის მწვრთნელი მანფრედ შმიდტიც: „საშინელი ამბავი იყო. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ ლოჩოშვილს მისი გულისხმიერებისა და რეაგირებისთვის, როდესაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღო“.

ლოჩოშვილის მოქმედების წყალობით ტეიგლი გონს მოეგო, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას შემდეგ ის სრულად გამოჯანმრთელდა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და თავის მხსნელს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ლუკა ლოჩოშვილს გულისხმიერებისთვის. თქვენმა ჩარევამ სიცოცხლე გადამირჩინა“.

მიუხედავად ყველა ამ ქებისა და მადლობისა, ლუკა ლოჩოშვილის ჯილდოზე მოკრძალებული რეაქცია ჰქონდა.

„საბედნიეროდ, ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ჩემ ადგილას სხვაც იმავეს გააკეთებდა. ვფიქრობ, მხოლოდ ბოლო მომენტში მოვახერხე მისი ენის დაჭერა“, – თქვა ქართველმა, რომელმაც პარიზში FIFA Football Awards-ის ცერემონიაზე სამაგალითო საქციელისთვის FIFA Fair Play-ის ჯილდო მიიღო.

სამწუხაროდ, ჯილდოს მისაღებად პარიზში პირადად ჩასვლა ვერ შეძლო, თუმცა ვიდეოჩართვით ისაუბრა.

„ეს ჩემთვის დიდი პატივია, მინდა, ამ ჯილდოსთვის მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ გეორგის სიცოცხლის გადარჩენა შევძელი. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანი თამაში და ურთიერთპატივისცემაა“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ამ ამბიდან 6 თვეში, გასული წლის აგვისტოში სერია A-ს კლუბ „კრემონეზესთან“ კონტრაქტი გააფორმა“, – წერია ფიფა-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის კონკურენტები იყვნენ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი სადიო მანე და საფრანგეთისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი ედუარდო კამავინგა.

მანე დასახელდა იმისთვის, რომ გერმანიის ბუნდესლიგაში, „ბოხუმთან“ მატჩში მსაჯთან აღიარა, რომ გოლი ხელით გაიტანა. კამავინგა კი საფრანგეთისა და უკრაინის 21-წლამდელთა მატჩის შემდეგ შევიდა მეტოქის გასახდელში, რათა მათთვის საჩუქრები გადაეცა და მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო.