„ჩელსიში“ ოფიციალურად გამოაცხადეს კლუბის გაყიდვის შესახებ #1TVSPORT
„ჩელსიში“ ოფიციალურად გამოაცხადეს კლუბის გაყიდვის შესახებ #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც დაადასტურა კლუბის შეძენა კონსორციუმის მიერ, რომელსაც სათავეში უდგას ამერიკელი ბიზნესმენი ტოდ ბელი.

„საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ შეუძლია დაადასტუროს, რომ შეთანხმებულია კლუბის შეძენა ახალ ჯგუფთან ტოდ ბელის, Clearlake Capital, მარკ უოლტერისა და ჰანსიორგ ვისის ხელმძღვანელობით.

საერთო თანხა, რომლის ოდენობა არის 2.5 მილიარდი ფუნტი, გადაირიცხება გაყინულ საბანკო ანგარიშზე დიდ ბრიტანეთში და ის სრულად მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. გაყინული ანგარიშიდან თანხების გადარიცხვას დასჭირდება ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა.

გარდა ამისა, ახალი მფლობელები ჩადებენ 1.75 მილიარდ ფუნტს დამატებითი დანახარჯებისთვის კლუბის საკეთილდღეოდ. ეს იქნება ინვესტიციები „სტემფორდ ბრიჯში“, აკადემიაში, ქალთა გუნდში, აგრეთვე „ჩელსის“ ფონდის ფინანსირებაში“, – წერია განცხადებაში.

ელოდებიან, რომ გარიგება სრულად მაისის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის სანქციების ქვეშ იმყოფება, „ჩელსის“ გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.