„ჩელსის“ ყიდვა ამერიკელ ბიზნესმენს სურს
„ჩელსის“ ყიდვა ამერიკელ ბიზნესმენს სურს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსის“ შეძენის კიდევ ერთი მსურველი გამოჩნდა. ის ამერიკელი ბიზნესმენი პოლ ალენია, რომელიც უკვე ფლობს ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის გუნდს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსსა“ და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბს „სიეტლ სიჰოუკსს“. ალენი მოლაპარაკებების პირველ ეტაპს რომან აბრამოვიჩის დაახლოვებულ პირთან, აგენტ პინი ზაჰავისთან აწარმოებს.

აქამდე „ჩელსისადმი“ ინტერესი მხოლოდ ერთმა პირმა გამოხატა – ბრიტანეთის უმდიდრესმა ადამიანმა ჯიმ რედკლიფმა. აბრამოვიჩი პირობებს მასთანაც ათანხმებს. რუსი ბიზნესმენი ინგლისურ კლუბს 3 მილიარდ ფუნტად ყიდის.

2003 წელს აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 140 მილიონ ფუნტად შეიძინა. ბოლო 15 წლის მანძილზე გუნდმა 5-5-ჯერ მოიგო პრემიერლიგა და ქვეყნის თასი, ორჯერ მოიპოვა ინგლისის სუპერთასი, სამჯერ ლიგის თასი. გახდა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული (ჯამში 17 ტიტული). არადა დაარსებიდან 2003 წლამდე, 98 წლიანი ისტორიის განმავლობაში, კლუბს მხოლოდ 9 ტიტული ჰქონდა მოპოვებული. შესაბამისად, ლონდონური გუნდის ფასმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა.