„ჩელსის“ სასჯელი გაუნახევრეს - გუნდს ახალი ფეხბურთელების შეძენა იანვრიდან შეეძლება
„ჩელსის“ სასჯელი გაუნახევრეს - გუნდს ახალი ფეხბურთელების შეძენა იანვრიდან შეეძლება

2020 წლის იანვრიდან ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელების შეძენის უფლება დაუბრუნდება.

ეს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ლონდონურმა კლუბმა ფიფას მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოტანილი სასჯელი გაასაჩივრა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველო ორგანოს გადაწყვეტილებით, „ჩელსის“ ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოტოვება უწევდა და ახალ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების უფლება 2020 წლის ზაფხულიდან უნდა აღდგომოდა.

მსგავსი სასჯელის მიზეზი ინგლისური გუნდის მიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესების დარღვევა იყო.

სასჯელის განახევრების გარდა, საარბიტრაჟო სასამართლომ „ჩელსის“ ჯარიმაც შეუმცირა – ლონდონურ გუნდს, ნაცვლად 600 000-ისა, 300 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.