„ჩელსიმ“ ბოლო 28 წელიწადში პირველად წააგო შინ „ტოტენჰემთან“
„ჩელსიმ“ ბოლო 28 წელიწადში პირველად წააგო შინ „ტოტენჰემთან“

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტური ლონდონური დერბით დასრულდა – „სტემფორდ ბრიჯზე“ მოქმედმა ჩემპიონმა „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა.

„ჩელსისთვის“ ეს პრაქტიკულად ბოლო შანსი იყო, გაეგრძელებინა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. მოგების შემთხვევაში, ანტონიო კონტეს გუნდი სამ ქულამდე შეამცირებდა სხვაობას მეოთხე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემთან“.

„ჩელსიმ“ 30-ე წუთზე ალვარო მორატას გოლით დაწინაურება შეძლო, მაგრამ უპირატესობა ტაიმის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა – 45-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა გაათანაბრა ანგარიში.

მეორე ტაიმის გმირი კი დელე ალი გახდა, რომელმაც ოთხი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა და „ტოტენჰემს“ 3:1 მოაგებინა. „ჩელსიმ“ 1990 წლის შემდეგ პირველად წააგო საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემთან“. ამ 28 წლის განმავლობაში „არისტოკრატებს“ პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ 27 მატჩში 18 მოგება და 9 ფრე ჰქონდათ.

„ჩელსის“ 56 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ის უკვე რვა ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას. ასე რომ, თითქმის ცნობილია მომავალ სეზონში ინგლისიდან ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელთა ვინაობა: „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“.