„ჩელსი“ გრემ პოტერს არ გაუშვებს #1TVSPORT
„ჩელსი“ გრემ პოტერს არ გაუშვებს #1TVSPORT

„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, გრემ პოტერს არ გაათავისუფლებენ თანამდებობიდან მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო. ამის შესახებ დაწერა CBS Sports-ის ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმა.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა პოტერი, რომ მისცემს დროს სიტუაციის გამოსასწორებლად და მხარს დაუჭერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას. მწვრთნელს საშუალებას მისცემენ, ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს.

„ჩელსის“ მფლობელმა, ტოდ ბოულიმ პირდაპირ განუცხადა გრემ პოტერს, რომ კლუბი გრძელვადიანი პროექტია. მისი მუშაობა დამოკიდებული იქნება გუნდის პროგრესზე და არა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი არ ჩანს, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს უკავშირდება მთელ რიგ ფაქტორებს. პოტერის ალტერნატივას ჯერჯერობით არ განიხილავენ.

პრემიერლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ „ჩელსის“ 25 ქულა აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზეა.