ჩელსი ფიფას გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ჩელსი ფიფას გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ლონდონის ჩელსიმ აპელაცია შეიტანა ფიფას იმ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, რომლის მიხედვით, ინგლისურ გუნდს მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენება აეკრძალა. მსოფლიო ფეხბურთის მართველ ორგანოში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესების დარღვევას და რომ გამოძიებული 92 ფაქტიდან 29 უკვე დადასტურებულია.

საქმეში ფიგურირებს ბერტრან ტრაორეც, რომელიც ამჟამად ლიონში ასპარეზობს.

ფიფაში ადასტურებენ, რომ აპელაცია მიიღეს, თუმცა როდის გაიმართება მისი განხილვა, ცნობილი ჯერ არ არის.

გარდა ზემოხსენებული სასჯელისა, ჩელსი ასევე 460 000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას კი 390 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.

სატრანსფერო აკრძალვა, რომელიც 2020 წლის იანვრამდე მოქმედებს, არ ეხება გუნდიდან ფეხბურთელების გაშვებას, ასევე ქალთა და ფუტზალის გუნდებს.