უეფამ ვერდიქტი გამოიტანა რასისტული შეურაცხყოფის საქმეზე. ინციდენტი „სლავიასა“ და „რეინჯერსს“ შორის ევროპის ლიგის მერვედფინალურ მატჩში მოხდა.
საპასუხო შეხვედრა შოტლანდიაში სკანდალით დასრულდა: „სლავიას“ ფეხბურთელს ონდჟეი კუდელასა და „რეინჯერსის“ წევრს გლენ კამარას შორის ჩხუბი მოხდა. ფერადკანიანმა კამარამ განაცხადა, რომ მეტოქემ რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. „რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თავის ფეხბურთელს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კუდელას მატჩის შემდეგ გასახდელში მიმავალ გვირაბში სცემეს.
„სლავია“ გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც უარყო ბრალდება რასიზმზე და თავისი ფეხბურთელის მხარე დაიჭირა. მიუხედავად ამისა, უეფა-მ კუდელას 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა თავისი ეგიდით გამართულ თამაშებში. ამის გამო, პრაღული გუნდის მცველი გამოტოვებს არა მხოლოდ ევროპის ლიგის მატჩებს, არამედ, ვერ დაეხმარება ჩეხეთის ნაკრებს ევრო 2020-ზე.
სასჯელის გარეშე არც კამარა დარჩენილა – მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს „სლავიას“ ფეხბურთელზე თავდასხმისთვის.