ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო და თურქეთი ანგარიშგასაწევი მეტოქეები არიან, პორტუგალია კი ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტია #1TVSPORT
ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო და თურქეთი ანგარიშგასაწევი მეტოქეები არიან, პორტუგალია კი ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტია #1TVSPORT

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰასეკმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკამათო გადაწყვეტილება განმარტა.

– განიხილეთ თუ არა 26-ზე მეტი მოთამაშის მოწვევის შესაძლებლობა?

– არა, 26 ფეხბურთელიც ბევრია შეკრებაზე და მოთამაშეების მოსამზადებლად. ჩვენ გვჯერა, რომ დასახელებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ, წარმატებისთვის იბრძოლონ. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც, შესაძლოა, ბევრს არ თამაშობენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დიდი ტურნირის ატმოსფერო იგრძნონ. ჩვენი შემდეგი მიზანია, ეს ახალგაზრდები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ და ნაკრების ატმოსფეროს შეიგრძნონ.

– სიაში არიან ვლადიმერ კოუფალი და იან კუხტა, რომლებმაც ნოემბერში დისციპლინა დაარღვიეს, მაგრამ არ არის მათთან ერთად დასჯილი იაკუბ ბრაბეცი – რატომ?

– ეს ფეხბურთელები მარტის პირველ შეკრებაზე არ მოვიწვიე, მაგრამ მოთამაშეებთან დალაპარაკების შემდეგ გადავწყვიტე, ეს ორი მომეწვია. ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იაკუბ ბრაბეცს ეხებოდა. გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ამ პოზიციაზე რამდენიმე ძალიან საინტერესო მოთამაშე გაიზარდა და ახლა უპირატესობა მათ მივანიჭეთ. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მივმართოთ.

– მეკარეთა ტრიო შედგება ინდრიხ სტანეკის, მატეი კოვარისა და ვიტესლავ იაროშისგან, რომლებმაც ერთად ეროვნულ ნაკრებში სულ 10 მატჩი ჩაატარეს. გამოცდილი მეკარის მიწვევაზე არ გიფიქრიათ?

– რა თქმა უნდა, მეკარეებს ყურადღებით ვაკვირდებოდით და სხვა ვარიანტებიც განვიხილეთ, მაგრამ მეკარეების მწვრთნელის, რადეკ ჩერნის რეკომენდაციით უპირატესობა მივანიჭეთ იმ სამეულს, რომელიც ჩვენთან ერთად მარტის შეხვედრებზე იყო. ვიტა იაროშმა „შტურმში“ მშვენიერი სეზონი ჩაატარა, რომელიც ავსტრიაში ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. მატეი კოვარს ანალოგიური წარმატება წილად ხვდა გერმანიაში „ლევერკუზენთან“ ერთად. მესამე იანდრიხ სტანეკია.

– როგორი სათამაშო გეგმით მიდიხართ ევრო 2024-ზე. მალტასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ამხანაგურ მატჩებში რა გეგმები გაქვთ?

– რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. მთავარი ისაა, რომ გუნდს ხასიათი აქვს, რაც მარტის თამაშებში ვაჩვენეთ. ახლა მზადებას ვიწყებთ, სადაც ამ ვარიანტებს დავამუშავებთ, მაგრამ არ გვინდა, ჩემპიონატის წინ ყველაფერი გავამჟღავნოთ.

– ჩემპიონატის ჯგუფში მეტოქეების თამაშს გააანალიზებდით და საინტერესოა, ამის თაობაზე რას იტყვით?

– თითოეულ ჩვენს მეტოქეს კონკრეტული ჯგუფი დააკვირდება. ჩვენ ეს გუნდები გავაანალიზეთ. საქართველო და თურქეთი ძალიან კარგი და ანგარიშგასაწევი მეტოქეები არიან, მაგრამ მათთან მატჩებში ფავორიტი არ იქნება. ორივე ეყრდნობა ფეხბურთელებს, რომლებიც დიდ კლუბებში თამაშობენ. რაც შეეხება პორტუგალიას, მას მთელი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევ“.