ჩეფერინი ევროპული კლუბებისგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოიკოტის მიღწევას ცდილობს #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი აპირებს, დაარწმუნოს ევროპული კლუბები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოიკოტში. ტურნირი 2029 წელს გაიმართება. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტგამოცემა talkSPORT-ი.
12 აგვისტოს, უეფა-ს სუპერთასის მატჩისას ჩეფერინი „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტსა და European Football Clubs-ის ხელმძღვანელთან, ნასერ ალ-ჰელაიფისთან შეხვედრას გეგმავს. ჩეფერინს სურს, რომ ორგანიზაციამ, რომელიც 850-ზე მეტ კლუბს აერთიანებს, საჯაროდ თქვას უარი ფიფა-სთან თანამშრომლობაზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის კუთხით, სანამ ფიფა-ს სათავეში უდგას ჯანი ინფანტინო.
ამასთან, ოფიციალური ბოიკოტისთვის საჭირო იქნება კლუბების თანხმობა. 2029 წელს ტურნირის ჩატარება ჯერ არ დამტკიცებულა: არ არის გარკვეული მასპინძელი ქვეყანა, დაფინანსების ფორმატი, სპონსორები. გარდა ამისა, ზოგიერთი კლუბი ჯერაც ითხოვს ფიფა-სგან დაპირებულ სოლიდარობის ანაზღაურებას 2025 წლის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით.
თავად ჩეფერინი არ აპირებს, კენჭი იყაროს ფიფა-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ის მზად არის, მხარი დაუჭიროს ალ-ჰელაიფის კანდიდატურას, მაგრამ პსჟ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არ გააჩნია მსგავსი ამბიციები. კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი შეიძლება იყოს კონკაკაფ-ის პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი.