ჩავი „ბარსელონაში“ რაჰიმ სტერლინგს მიიწვევს
ჩავი „ბარსელონაში“ რაჰიმ სტერლინგს მიიწვევს

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი აპირებს გუნდში მიიწვიოს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ესპანელს კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ, – ამის შესახებ დაწერა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ (Daily Mail).

„ბარსელონა“ არც ისე დამაჯერებლად თამაშობს ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით. გავრცელდა ჭორები, რომ უახლოეს პერიოდში „ჭიანჭველას“ (ვალვერდეს მეტსახელი) პოსტიდან დაითხოვენ, მის ადგილას კი ჩავის მიიწვევენ, რომელიც დღეისათვის ყატარის „ალ-სადს“ უდგას სათავეში.

ჩავის მიაჩნია, რომ 24 წლის სტერლინგი შესაძლოა გახდეს საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქის დასრულების შემდეგ და ის შესანიშნავად შეერწყმება „ბარსელონას“ სტილს. „მანჩესტერ სიტი“, სავარაუდოდ, 170 მილიონ ევროს მოითხოვს თავის ფეხბურთელში.

ამ სეზონზე სტერლინგს ხუთ მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი. მისი კონტრაქტი „სიტისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.