ჩარლზ ოლივეირა - ილია თოფურიას იმ შემთხვევაში შევხვდები, თუ ის საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს #1TVSPORT
UFC-ის მსუბუქი წონის (70 კგ) ყოფილმა ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ჩარლზ ოლივეირამ ქართველ ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ჩელ სონენის გადაცემაში კომენტარი გააკეთა.
ოლივეირას განცხადებით, ამ ეტაპზე თოფურიასთან ჩხუბს არ აპირებს და იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ის დივიზიონის ჩემპიონი გახდება.
„ილია თოფურიასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიბრძოლებ, თუ ის საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს. ამ დივიზიონში რეიტინგის მაღალ საფეხურზე ვარ, აქ ჩემპიონიც ვიყავი.
ეს ადამიანი ბევრს საუბრობს. ჩემთან ბრძოლა უნდა მოიპოვოს. ამოვიდეს ჩვენს დივიზიონში, გახდეს ჩემპიონი და მაშინ შევხვდები“, – განაცხადა ოლივეირამ.
ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65 კგ) ქამარი რამდენიმე კვირის წინ დათმო და ოფიციალურად მსუბუქ წონაში გადაინაცვლა. მასთან დაპირისპირება ცოტა ხნის წინ დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმაც იუარა.