ჩარლს ოლივეირამ მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლაზე უარი თქვა
ჩარლს ოლივეირამ მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლაზე უარი თქვა

UFC-ის დიდი სურვილი აქვს, რომ 13 თებერვალს მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) ჩარლს ოლივეირასა და მაიკლ ჩენდლერის ბრძოლა გამართოს, თუმცა როგორც ჩანს, პრომოუშენს გეგმების შეცვლა მოუწევს, რადგან ბრაზილიელი ბელატორის ყოფილ ჩემპიონთან დაპირისპირებას არ თანხმდება.

ოლივეირას მწვრთნელმა დიეგო ლიმამ Sherdog.com-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გუნდმა უარი იმიტომ თქვა, რომ ბრძოლამდე ძალიან მცირე დრო არის დარჩენილი.

ჩარლსი ქამართან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა. მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს, რომ აქამდე მოსასვლელად ოლივეირამ დიდი და რთული გზა გაიარა. ფანებმა ამის შესახებ იციან, დასტინ პორიემაც კი აღნიშნა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჩვენთვის მიუღებელია, პოტენციურ ტიტულზე გამსვლელ ბრძოლას 11 დღის ინტერვალში დავთანხმდეთ. ჩარლსს წონის დასაკლებად დრო სჭირდება. ჩვენი მიზანი ნათელია. ოლივეირას სურს პორიესთან ტიტულზე ბრძოლა. იმ შემთხვევაში თუ დასტინი უარს იტყვის ამ გამოწვევაზე, პრომოუშენს შეუძლია მაიკლ ჩენდლერის შემოთავაზება, ოღონდ ეს ბრძოლა აუცილებლად ტიტულისთვის უნდა იყოს“, – აღნიშნა ლიმამ.

თავის მხრივ მაიკლ ჩენდლერმა ESPN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დაუფიქრებლად დათანხმდა ოლივეირასთან დაპირისპირებას.

შეგახსენებთ, რომ ჩარლს ოლივეირამ ბოლოს ტონი ფერგიუსონი დაამარცხა და მას პრომოუშენში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს.