ჩაკვეტაძისნაირი მოთამაშე არ გვყოლია და არც გვეყოლება - სლოვაკების შეფასებით, „ბაზელთან“ მატჩისთვის კაშიასა და კანკავას ძეგლი უნდა დაუდგან [ვიდეო] #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანი“, რომელშიც კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე თამაშობენ, დიდი სენსაციის ავტორი გახდა – კონფერენს-ლიგის H ჯგუფის ლიდერი „ბაზელი“ შვეიცარიაში 2:0 დაამარცხა.

გურამ კაშია დაცვაში საიმედო იყო, ჯაბა კანკავამ კი ნახევარდაცვაში კარგად ითამაშა. ვლადიმირ ვაისი ნელ-ნელა მიზანს აღწევს და ჩაკვეტაძეს იმ კონდიციებში აბრუნებს, რომლითაც გიორგიმ ქართველ გულშემატკივრებს თავი შეაყვარა. მან დიდი ხნის შემდეგ ევროსარბიელზე პირველად გაიბრწყინა – სლოვაკების ორივე გოლი მისი გადაცემით გავიდა და 3 ქულის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.

სლოვაკური კლუბის გულშემატკივრები განსაკუთრებით კანკავას და ჩაკვეტაძეს ემადლიერებიან. ეს მატჩის შემდეგ მათი კომენტარებიდანაც ჩანს.

სლოვანის“ საუკეთესო მატჩი იყო, რომელიც მინახავს. სრული მატჩი.

შესანიშნავი თამაში იყო. კუცკა დღეს საბოლოოდ გამოფხიზლდა, კანკავა კედელია!

იმედია, კანკავა, ჩაკვე და ვაისი (მწვრთნელის ვაჟი) შემდეგშიც დაგვეხმარებიან.

ჩაკვე საშუალო ფორვარდიც არ მეგონა. დღეს ძალიან მიხარია, რომ ვცდებოდი.

ჩვენი ბიჭების სუპერ შესრულება, კუცკამ დღეს კარგად ითამაშა, კანკავამ – არარეალურად.

ჩაკვეტაძე ნომერი პირველია – გენიოსი.

მოსაგებად გუნდმა ბევრი იმუშავა, მაგრამ ჯაბამ არარეალური თამაში ჩაატარა. კანკავა დღეს ტოპ-მოთამაშე იყო.

კანკავა იმსახურებს მედალს იმისთვის, რასაც აკეთებს.

კანკავა მატჩის გმირია, შაპონიჩი ყველაზე სუსტია. ბრავო გუნდს!

კაშიასა და კანკავას ძეგლი უნდა დავუდგათ.

დამსახურებული გამარჯვებაა. „ბაზელმა“ ბევრი სცადა, რომ მოეგო, მაგრამ „სლოვანი“ უკეთესი იყო – სანამ ვაისი და ჩაკვეტაძე მოედანზე იყვნენ, ძალიან სახიფათოდ უტევდნენ.

ჩაკვეტაძე არის ფეხბურთელი, როგორიც „სლოვანში“ არასდროს ყოფილა და არც იქნება. ვიცი, რომ ეს ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ უპირობოდ უნდა ვიყიდოთ. ბოლოსდაბოლოს შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც ვუყურებ და აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით. დიდი მადლობა, გამახარეთ“, – ასეთია „სლოვანის“ გულშემატკივრების შეფასებები.

კონფერენს-ლიგის H ჯგუფში გამართული სამი ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონი 4 ქულით მესამე ადგილზეა – ვლადიმირ ვაისის გუნდი შემდეგ შეხვედრას 13 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბაზელთან“ გამართავს.