ჩაკვეტაძის მორიგი ასისტი - „სლოვანმა“ აუტსაიდერი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართული სამეულის დახმარებით ბრატისლავასსლოვანმა“ გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „სკალიცა“ დაამარცხა 4:1 და სლოვაკეთის ჩემპიონატში ერთპიროვნულად ლიდერობს.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ქართველების ორი ყოფილი მწვრთნელის დაპირისპირება იყო – საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, ვლადიმირ ვაისის „სლოვანი“ გასვლაზე „დინამო თბილისის“ ექს-მწვრთნელის, იურაი იარაბეკისსკალიცას“ შეხვდა. ვაისმა სამივე სამივე ქართველი ფეხბურთელი – გურამ კაშია (ყვითელი მიიღო), ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში ათამაშა.

სლოვანმა“ პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა და 3:0 დაწინაურდა. მე-11 წუთზე ანგარიში ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, ტაიმის ბოლოს კი გოლები იურაი კუცკამ (44) და ალექსანდრე ჩავრიჩმა (45) გაიტანეს.

37-ე წუთზე გატანა გიორგი ჩაკვეტაძესაც შეეძლო, რომელმაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარის „ცხრიანისკენ“ გაუშვა, მაგრამ „სკალიცას“ მეკარემ იგორ სემრინეცმა ბურთი ნახტომში მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

გიორგის გადაცემით მეორე ტაიმში მიზანს ტიგრან ბარსეგიანმა მიაღწია. 59-ე წუთზე ჩაკვეტაძემ სომეხი შემტევი საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ დატოვა და „სკალიცა“ მეკარემ ვეღარ გადაარჩინა.

ჩაკვეტაძე ვაისმა 82-ე წუთზე დაასვენა, 88-ე წუთზე ანდრეი ფაბრიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს, „სლოვანმა“ 4:1 მოიგო, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის შემდეგ 32 ქულით პირველ ადგილზეა და უკვე ტრნავას „სპარტაკს“ (25) 7-ქულიანი უპირატესობით ასწრებს.