ჩაკვეტაძის ადგილი ნაკრებში ყოველთვის მოიძებნება, ვოლკოვის გამო საკუთარ თავზე ჩვენც ვბრაზდებით - ხიზანიშვილმა მოთამაშეთა დამოკიდებულებაზე ილაპარაკა #1TVSPORT
ჩაკვეტაძის ადგილი ნაკრებში ყოველთვის მოიძებნება, ვოლკოვის გამო საკუთარ თავზე ჩვენც ვბრაზდებით - ხიზანიშვილმა მოთამაშეთა დამოკიდებულებაზე ილაპარაკა #1TVSPORT

რამდენად მოერგება გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ახალ სათამაშო სქემას? „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა:

„გიორგი ჭკვიანი ფეხბურთელიც არის და სწრაფიც. წინა შეკრებაზე მართლა გამიკვირდა, ისეთი რამ ვნახეთ. ვარჯიშის შემდეგ მან და გიორბელიძემ მოინდომეს 50-მეტრიან სპრინტში შეჯიბრება, ვინ გაასწრებსო – ამის ამსახველი ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. ჩაკვეტაძემ გაასწრო, გიორბელიძის გასწრება კი იოლი არაა. ასე რომ, ჩაკვეტაძის ადგილი ნაკრებში ყოველთვის მოძებნება“, – განაცხადა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა.

ამავე დროს, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ზურაბ ხიზანიშვილმა „გენტის“ ქართველი მოთამაშის უკეთეს ფორმაში ხილვის სურვილი გამოთქვა: 

„ოღონდ, ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე. ნაკრები ის ადგილი არ არის, რომ ფორმაში შეხვიდე. ეს კლუბში უნდა შეძლოს და გუნდში სათამაშო პრაქტიკა მიიღოს“.

მან დავით ვოლკოვზეც ისაუბრა: 

ვოლკოვმა იმედები გაამართლა. სანიოლმა თქვა, ჩემს თავზე ნაწყენი ვარ, რომ აქამდე არ მოვიწვიე და მეც საკუთარ თავზე ვარ ნაწყენი. ახლა მიქაუტაძე ამოვარდა და ხელსაყრელი მომენტი იყო მის მოსაწვევად. ვილის ესიამოვნა, რომ პირველი თავდამსხმელია, რომელიც მხოლოდ ფეხში არ ითხოვს ბურთს, არამედ, ზურგსუკან იხსნებაო. რაც უფრო დიდი კონკურენცია გვექნება, ეს ნაკრებს უფრო წაადგება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“.

ხიზანიშვილის თქმით, ნაკრებში სელექციის დროს მთავარი გუნდური სულისკვეთების მქონე მოთამაშეების მიწვევაა

„ნაკრებში რომ ვთამაშობთ, უნდა იყოს ჩვენ და არა – მე! ვერავინ დამაჯერებს, რომ სკამზე მჯდომი ფეხბურთელი ბედნიერი იქნება, მაგრამ ეს არ უნდა გამოამჟღავნოს. მიხარია, რომ ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრს უკან ჰქონდა გადაწეული“.