ჩაკვეტაძემ საგოლე შეასრულა - „გენტმა“ კონკურენტთან უპირატესობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ საგოლე შეასრულა - „გენტმა“ კონკურენტთან უპირატესობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ჩვენი ფეხბურთელების გამოსვლით იყო.

„ბ“ ჯგუფში ლიდერების მატჩი გაიმართა. „გენტმა“ „პარტიზანს“ უმასპინძლა. გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ტრავმის შემდეგ, ბელგიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში არ მოხვდა და განაცხადში იყო.

ბელგიურ-სერბული დაპირისპირების პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა 0:0. მეორე ტაიმში კი სერბები სლობოდან უროშევიჩმა დააწინაურა. მან გოლი 65-ე წუთზე გაიტანა. „გენტის“ მწვრთნელმა შეტევების გაძლიერება ჩაკვეტაძის შეყვანით სცადა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 72-ე წუთზე კაპიტნის, ვადის ოდიჯა-ოფოეს ნაცვლად შევიდა და რვა წუთში საგოლე შეტევა განავითარა. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ტარიკ ტისუდალმა მცველებს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ამავე ჯგუფშია თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“, რომელიც ტალინში „ფლორას“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 2:2. კონფერენს ლიგის „ბ“ ჯგუფში გამართული 4 ტურის შემდეგ „გენტი“ 10 ქულით ლიდერობს და „პარტიზანთან” (7 ქულა) უპირატესობა შეინარჩუნა, ხოლო „ანორთოსისი“ 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.