ჩაკვეტაძემ ძირითადში პირველად ითამაშა - „ჰამბურგი“ გერმანიის თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ძირითადში პირველად ითამაშა - „ჰამბურგი“ გერმანიის თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა – ეს გერმანიის თასის 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში მოხდა, სადაც მისმა გუნდმა „კარლსრუეს“ უმასპინძლა და უმძიმესი ბრძოლა მოიგო.

„ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელი ტიმ ვალტერი ქართველ შემტევ ნახევარმცველს აქამდე შეცვლაზე ათამაშებდა, ამჯერად კი სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და სანამ მოედანზე იყო, გიორგი ცდილობდა, გუნდის თამაში დაელაგებინა.

ჰამბურგისა“ და „კარლსრუეს“ შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მე-5 წუთზე პირველად თამაშის გამწვავება სწორედ ჩაკვეტაძემ სცადა, მაგრამ მის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. ანგარში „კარლსრუემ“ გახსნა. მე-40 წუთზე „ჰამბურგის“ კართან დანიშნული ჯარიმა მცველმა ფილიპ ჰაისემ უნაკლოდ შეასრულა. 51-ე წუთზე კი ფილიპ ჰოფმანმა „კარლსრუეს“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ჰამბურგმა“ მეტოქეს პასუხი მალე გასცა. 52-ე წუთზე ჩაკვეტაძის განვითარებულმა შეტევამ „ჰამბურგს“ თამაშის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა. გიორგიმ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოში იდეალური სიზუსტით რობერტ გლაცერს ჩააწოდა, რომელმა ეფექტური თავურით სხვაობა შეამცირა – 1:2.

თუმცა 59-ე წუთზე ტიმ ვალტერმა ქართველი შემტევი შეცვალა. მასპინძლებს გათანაბრება 70-ე წუთზე შეეძლოთ, სტუმართა კარში არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ სონი კიტელის დარტყმული მარიუს გერსბეკმა მოიგერია. ამ მომენტში „კარლსრუე“ კაცნაკლულიც დარჩა – არბიტრმა მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათით კრისტოპერ კობალდმა გააძევა. ამით „ჰამბურგმა“ საბოლოოდ ისარგებლა და 90+1-ე წუთზე რობერტ გლაცერმა წონასწორობა აღადგინა. დაინიშნა დამატებითი დრო, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა – უფრო ზუსტი მასპინძლები გამოდგნენ. ბოლო პენალტიც გლაცერმა შეასრულა, „ჰამბურგმა“ სერია 3:2 მოიგო გერმანიის თასის ნახევარფინალშია.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის თასი საკმაოდ მომგებიანი ტურნირია. მისი საპრიზო ფონდი 38 მილიონ ევროზე მეტია. მხოლოდ ტელევიზიიდან მე-2 ტურში გასვლისთვის თითოეულ კლუბს 250 ათას ევრო ერიცხება, მესამეში – 500 ათას ევრო, ხოლო გერმანიის თასის მფლობელი 4,5 მილიონი ევროთი გამდიდრდება.