ჩაკვეტაძე საუკეთესოა და კიდევ გაიზრდება - „გენტში“ ქართველის იმედი დაუბრუნდათ #1TVSPORT
ჩაკვეტაძე საუკეთესოა და კიდევ გაიზრდება - „გენტში“ ქართველის იმედი დაუბრუნდათ #1TVSPORT

„გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის აღდგენისკენ დამაჯერებლად მიდის“, – ასეთია პოპულარულ ბელგიურ გამოცემა voetbalnieuws-ში გამოქვეყნებული წერილის შინაარსი, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ იმედს, გიორგი ჩაკვეტაძეს ეძღვნება.

ავტორის მტკიცებით, 22 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებამ „გენტის“ ხელმძღვანელობაში ისევ გააღვივა იმედი, რომ მის ტრანსფერში დიდ თანხას მიიღებენ.

გენტში“ ისევ მილიონიან ტრანსფერზე ფიქრობენ

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად უკვე მეოთხე წელია მიიჩნევა, მაგრამ გაუთავებელი ტრავმების გამო, სამწუხაროდ (ჯერჯერობით) ქართველი ამ სტატუსს ვერ ამართლებდა. ახალ სეზონში, როგორც იქნა, ჩაკვეტაძე დაბრუნდა და ამან „გელამკო არენას“ ბინადრებს ოცნებები დაუბრუნა.

2017 წლის აგვისტოში, საუკეთესო ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე „გენტმა“ იჯარით აიყვანა. ის „დინამო თბილისის“ აკადემიიდან იყო და 17 წლის ახალგაზრდას განსაკუთრებით ნიჭიერ ნახევარმცველად იცნობდნენ. ჩაკვეტაძეს უმიზნებდნენ ლევერკუზენის „ბაიერი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „ტოტენჰემი“, „ბორნმუთი“ და „ჰოფენჰაიმი“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 6 მილიონი ევროს შეთავაზებაც გააკეთა. თუმცა, „დინამო თბილისს“ „გენტი“ შეუთანხმდა.

წარმოუდგენელი ნიჭით, გამჭრიახობითა და ბურთის საოცარი ფლობის უნარით, მან „გენტის“ და ნეიტრალური გულშემატკივრების გულები სწრაფად დაიპყრო. სტადიონზე ხომ ასეთი ფეხბურთელის სანახავად მიდიან. ამრიგად, ჩაკვეტაძე ბელგიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ სწრაფად აღიარეს. მისი შთამბეჭდავი სპექტაკლები შეუმჩნეველი არც უცხოეთშიც დარჩენიათ.

მალე „ტოტენჰემი“ (კვლავ) დაინტერესდა ჩაკვეტაძით, მაგრამ 2018 წელს „გენტის“ გენერალური დირექტორი, მიშელ ლუვაგი ამბობდა, რომ გიორგის საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და ქართველი 10 ნომრის გაყიდვას 15 მილიონ ევროდაც არ აპირებდა, რადგან მის გარშემო ახალი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებდა.

თუმცა, 2019 წლიდან, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე მისი მეტეორიული აღმავლობა მოულოდნელად შეწყდა და რა თქმა უნდა, ინდივიდუალური განვითარება შეჩერდა და ქართველი სუპერტალანტის გარშემო ახალი გუნდის შექმნის გენერალური გეგმა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ბოლო ორი სეზონი ის თითქმის დაივიწყეს.

რეაბილიტაციის ბევრი მცდელობისა და შეცდომის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე წელს დაბრუნდა. გუნდის მწვრთნელი, ჰაინ ვანჰეზებრუკი ქართველს სათამაშო დროს თანდათან უზრდიდა, რაც ტრავმისკენ მიდრეკილი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ერთადერთი სწორი მიდგომა იყო. ამავე დროს, „გენტის“ მწვრთნელმა ჩაკვეტაძე „ვალერენგასთან“ და „სენ-ტრუიდენთან“ გასვლით მატჩებში არ ათამაშა, რადგან ეს შეხვედრები ხელოვნურ საფარზე გაიმართა. ჩაკვეტაძის ყველა უბედურება 2018 წელს სწორედ ასეთ საფარზე დაიწყო.

ახლა ჰაინ ვანჰეზებრუკმა გიორგი „ანდერლეხტთან“ და გასულ უქმეებზე „სერკლ ბრიუგესთან“ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და ჩაკვეტაძე „გენტში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„ჩაკვეტაძეს საუკეთესოა და ის უფრო გაიზრდება, ფიზიკურადაც მოღონიერდება, რაც მას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მოძრავი გახდეს“, – ეს „სერკლ ბრიუგესთან“ მატჩის შემდეგ ჰაინ ვანჰეზებრუკმა განაცხადა, რომელმაც აღიარა, რომ ქართველი პოპულარობის პიკშია და გაიზარდა.

„ჩაკვეტაძე ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის აღდგენისკენ დამაჯერებლად მიდის. მიშელ ლუვაგი ბედნიერი იქნება, ჩაკვეტაძის საბაზრო ღირებულება თუ კვლავ 9 მილიონი ევრო ან კიდევ უფრო მეტი გახდება. ამ პროცესშიც იქნება მცდელობები და შეცდომები. ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგაზე ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ მატჩიც გამოტოვა, რადგან ბარძაყის კუნთმა შეაწუხა, მაგრამ ქართველი „ანტვერპენთან“ კვირის მატჩისთვის მოემზადება – ეს უკვე პროგრესია“, – იმედოვნებენ ბელგიურ გამოცემა voetbalnieuws-ში.