ჭადრაკში მსოფლიოს მე-14 ჩემპიონმა კარიერა დაასრულა
ჭადრაკში მსოფლიოს მე-14 ჩემპიონმა კარიერა დაასრულა

ჭადრაკში მსოფლიოს რიგით მე-14 ჩემპიონმა, რუსმა ვლადიმირ კრამნიკმა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მოჭადრაკის განცხადება გამოქვეყნებულია ჰოლანდიის ვეიკ-ან-ზეეს სუპერტურნირის ოფიციალურ გვერდზე.

„გადავწყვიტე, დავასრულო პროფესული კარიერა. ეს გადაწყვეტილება ორი თვის წინ მივიღე. ახლა კი, როცა ჩემი ბოლო ტურნირი ჩავატარე, მინდა ამის შესახებ საჯაროდ გამოვაცხადო“, – აღნიშნა 43 წლის კრამნიკმა. – „პროფესიონალი მოთამაშის ცხოვრება შესანიშნავი მოგზაურობაა. მადლობას ვუხდი ჭადრაკს იმისთვის, რაც მომცა. ხანდახან რთული იყო, ხანდახან იმაზე წარმატებული ვიყავი, ვიდრე წარმომედგინა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო ფასდაუდებელი გამოცდილება. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი, მთლიანად ვუძღვნიდი საკუთარ თავს სამუშაოს და ჭადრაკის თამაშს“.

კრამნიკი 2000 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ტიტულს 2006 წლამდე ფლობდა.

ვეიკ-ან-ზეეს სუპერტურნირზე, რომელიც კვირას დასრულდა, კრამნიკმა 14 დიდოსტატს შორის ბოლო ადგილი დაიკავა 4.5 ქულით.

ტურნირი მოიგო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა. მან ცხრა ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიელ ანიშ გირის.