ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები დააჯილდოეს
ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები დააჯილდოეს

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ მიღებაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს დღეს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს. ქართველმა მოჭადრაკეებმა ბოლო ტურის გადამწყვეტი პარტია რუსეთის ნაკრებთან ყაიმით ითამაშეს და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.

ასტანაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებმა ინდივიდუალურ დაფებზეც ბრწყინვალედ იასპარეზეს.

სათადარიგო დაფაზე ოქროს მედალი სალომე მელიამ დაისაკუთრა. მეორე და მესამე დაფაზე ვერცხლის მედლებს მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი დასჯერდნენ.

პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი გუნდის ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა მოიპოვა. დღესვე ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონატი 30 მარტს დასრულდება.