ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ბათუმში აირჩევენ
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ბათუმში აირჩევენ

სამ ოქტომბერს ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება და პრეზიდენტის პოსტისთვის 3 კანდიდატი – ინგლისელი საერთაშორისო დიდოსტატი ნაიჯელ შორტი, რუსული პოლიტიკის წარმომადგენელი არკადი დვორკოვიჩი და „ფიდე“-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მაკროპულოსი იბრძოლებენ.

„ჩემი სურვილია კენჭისყრის დროს იყოს საღი კონკურენცია და საჭადრაკო სამყარომ თავად განსაზღვროს ვინ უნდა უხელმძღვანელოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას – ეს განცხადება ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა დღეს საქართველოს რადიოს სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას გააკეთა და საპრეზიდენტო კანდიდატების შანსები შეაფასა.

არჩევნებში ნაიჯელ შორტის შანსი ნოლია მიუხედავად იმისა, რომ ის იყო წარმატებული მოჭადრაკე რომელმაც 1993 წელს გარი კასპაროვის წინააღმდეგაც ითამაშა. რაც შეეხება არკადი დვორკოვიჩს – ის რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დვორკოვიჩი საარჩევნო პერიოდში ნაიჯელ შორტსაც შეხვდა, ვერ გეტყვით რა შენაძენი მისცა მას შორტთან ალიანსმა მაგრამ დღეს ეს უკვე ერთი გუნდია. „ფიდე“-სთვის დვორკოვიჩის გამარჯვება ბევრად უფრო წარმატებული ფინანსური პროექტი იქნება, რადგან მის უკან დიდი ბიზნეს ჯგუფია, მაკროპულოსი კი რომელიც 22 წელია ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, ახერხებდა ილუმჟინოვის მმართველობის დროსაც კი არ ყოფილიყო რუსული ჰეგემონია. ის იყენებდა რუსულ საჭადრაკო რესურსს ოღონდ არა ისე, როგორც ეს რუსულ პოლიტიკურ სპექტრს სურდა. 

მაკროპულოსმა „ფიდე“-ს ეთიკის კომიტეტში და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში უკვე შეიტანა 30 ფურცლიანი საჩივარი, სადაც ძალიან სერიოზული ფაქტების შესახებ საუბრობს. საჩივარში მოყვანილია ფაქტები სადაც რუსული პოლიტიკის ლიდერები, სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის ელჩები და რუსული ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელებს პირდაპირ ესაუბრებიან, რომ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ისინი სერიოზულ დაფინანსებას მიიღებენ.
მაკროპულოსი ამ ფაქტებზე დაყრდნობით ყველანაირ არჩევნებში არკადი დვორკოვიჩის რვა წლიან დისკვალიფიკაციას მოითხოვს. დელეგატები კი ეთიკის კომიისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 

ზურაბ აზმაიფარაშვილის განცხადებით მას სურს არჩევნების შემდეგ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია პოლიტიკისგან თავისუფალი ორგანიზაცია იყოს.
„ფიდე“-ს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ბათუმში ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და რადგან ზურაბ აზმაიფარაშვილი პრეზიდენტობის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ის კვლავ ევროპულ საჭადრაკო კავშირს უხელმძღვანელებს.