ჭადრაკის ლეგენდები და ლაშა ტალახაძე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით „ნაშუადღევს“ ესაუბრნენ [ვიდეო]

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო. ამ თემაზე სასაუბროდ სტუმრად ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები – ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე გადაცემაში „ნაშუადღევს“ ბათუმიდან ჩაერთვნენ.

მაია ჩიბურდანიძემ საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

„ქართული საჭადრაკო სამყაროსთვის ეს დიდი პატივია და ჩემთვის განსაკუთრებული ოლიმპიადა, რადგან პირველად ვარ ოლიმპიადაზე მაყურებლისა და გულშემატკივრის სტატუსით. საქართველოს მესამე გუნდები ახალგაზრდულია და ეს მათი შანსია, მეორე გუნდებში ნიჭიერი მოჭადრაკეები თამაშობენ და ათეულში მოხვედრა ძალიან დიდი შედეგი იქნება, რაც შეეხება პირველ გუნდებს მათ საპრიზო სამეულში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.
მე ვფიქრობ, რომ ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა იქნება ძალიან დიდი შანსი, რომ ძალიან ბევრი მოზარდი მივიდეს ჭადრაკზე და ბევრი გამარჯვება გვქონდეს.“ – განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.

ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონია დადებითად შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ის რაც გუშინ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე იყო და რა გამოხმაურებაც აქვს დღეს მსოფლიო სარბიელზე საქართველოს ღირსეული წარდგენაა.აქ იქნება სიჩუმე, სიჩუმე – ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ფაქტორით და ამ ფონზე ნებისმიერი სინჯის მედალი ეს უკვე ძალიან დიდი და სერიოზული ტრიუმფი იქნება. ეს ოლიმპიადა საქართველოსთვის უკვე სხვა ენერგიაა.“- თქვა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა.

ოლიმპიური ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, ვინც 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩია, მოჭადრაკეებს წარმატება უსურვა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – „ჭადრაკის თამაში ვიცი, მაგრამ ამ ლეგენდების დონეზე გამიჭირდება. მიხარია, რომ ოლიმპიადამდე ორი დღით ადრე მოვახერხე და საქართველოს ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი დავამყარე. ვეცდები აშხაბადში დაგეგმილ შეჯიბრზე ეს რეკორდი უკვე ოფიციალურად გავაფორმო. ჩვენს მოჭადრაკეებს კი წარმატებებს ვუსურვებ და მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელია.“