ცესკო-ში დღეს გამართულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილი საჩივრები უსაფუძვლოდ ცნეს
ცესკო-ში დღეს გამართულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილი საჩივრები უსაფუძვლოდ ცნეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 12 ხმით 4-ის წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ ცნო ის საჩივრები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა წარდგენილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ 11 საჩივარი განიხილა.

პარტია ყველა იმ ოლქის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას ითხოვდა, სადაც არჩევნების მეორე ტურში მერებს ირჩევდნენ. სხდომას თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ, თუმცა საჩივრების წარდგენის შემდეგ, მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და საკითხის განხილვას აღარ დასწრებიან. მათი თქმით, მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ცესკო მათ საჩივრებს დააკმაყოფილებდა.

კენჭისყრის პროცესის შემდეგ კი, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს კომისიაში ოპოზიციური კვოტით არჩეულმა წევრებმაც. მათი პროტესტი ოპოზიციის მიერ წარდგენილი საჩივრების არდაკმაყოფილებას მოყვა. პირველმა სხდომა ოპოზიციური კვოტით წარდგენილმა, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ დატოვა. შემდეგ სხდომა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა წევრებმაც.

„ჩემი წუხილები, თუ როგორ ჩავატარეთ არჩევნები, აქამდეც აღვნიშნე. ვფიქრობ, ეს არის კრიტიკული სიტუაცია, რასაც ადეკვატური მოქმედება სჭირდება და ამ შემთხვევაში, მე ადეკვატურად სხდომის დატოვებას მივიჩნევ. ამ არჩევნებს ნაწილ საკითხში ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს“, – განაცხადა სიორიძემ.

სიორიძის მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და აღნიშნა, რომ მისი მოადგილის მხრიდან „სხდომის დატოვება კეკლუცობაა“.

სხდომის პარალელურად, ცესკო-ს შენობასთან დღეს ოპოზიციის მხარდამჭერების აქციაც გაიმართა.