ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - ტელეეთერი და დებატები არის მთავარი, რომ ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - ტელეეთერი და დებატები არის მთავარი, რომ ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ

ტელეეთერი, დებატები და კამათი არის მთავარი, რომ ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

„საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნით ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა პროცესს, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, ნეიტრალური არბიტრის გარემოცვაში ჩატარებული პროცესი მართლაც გამოირჩევა თავისი კონსტრუქციულობით. თავად პროცესს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რთულია, წარმოიდგინო იმაზე მეტი მნიშვნელობა საარჩევნო კამპანიისა, ვიდრე არის ტელეეთერი, დებატები და კამათი, რათა ყველაზე მთავარმა – საქართველოს ამომრჩეველმა მიიღოს მეტი ინფორმაცია და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, – აღნიშნა შარაბიძემ.

რაც შეეხება ცესკო-ში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის პრეტენზიას, რომ სალომე ზურაბიშვილი არაკვალიფიციური სუბიექტია და კვალიფიციურ სუბიეექტებთან მისი დებატები არ შედგება, შარაბიძის თქმით, ასეთ ფორმატს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რაც არჩევნებამდე ვეღარ შეიცვლება.

„რაც შეეხება კანონმდებლობას, თამაშის ეს წესები დიდი ხანია, ცნობილია და შესაბამისად, მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს რა თქმა უნდა, მისი ცვლილება შეუძლებელია.

კანონი ცალსახად განმარტავს, რა არის კვალიფიციური სუბიექტი, როგორ ხდება კვალიფიციური სუბიექტი, მათ შორის, საეთერო დროსთან მიმართებაში. ამ მხრივ, ვფიქრობ, თუ რამე მუხლი არსებობს და შეიძლება მომავალში გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, ეს არის უფრო არასაარჩევნო პერიოდის საკანონმდებლო საქმიანობის საგანი“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

პირველმა არხმა გადაწყვიტა, არჩევნებში მონაწილე 25-ვე კანდიდატს 10-წუთიანი დრო დაუთმოს. კანდიდატები ხვალიდან 25 ოქტომბრამდე „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 10 წუთის განმავლობაში შეძლებენ, ამომრჩეველს საკუთარი ხედვა გააცნონ. გარდა ამისა, შედგება დებატები ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტსა და 16 კვალიფიციურ სუბიექტს შორის. პირველი დებატები არაკვალიფიციურ სუბიექტებს შორის გაიმართება. დარჩენილ ორ კვირაში საკუთარ ხედვას ამომრჩევლებს კვალიფიციური სუბიექტები გააცნობენ. ასევე, პირველი არხი სთავაზობს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში. კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, პირველი არხი მზად არის, დებატები ტექნიკურად უზრუნველყოს.