ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე აზერბაიჯანი საკონსულტაციო ფორმატის წევრად აღიარეს
ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებმა უზბეკეთის დედაქალაქში მეშვიდე საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს, სადაც აზერბაიჯანი ფორმატის სრულუფლებიან წევრად ერთხმად აღიარეს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ლიდერების შეკრებისას ხაზი გაესვა უფრო ძლიერ პოლიტიკურ დიალოგს, ეკონომიკურ ინტეგრაციას და კოლექტიურ უსაფრთხოებას.
უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებმა გადაწყვეტილება ისტორიულად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ის ოფიციალურად აერთიანებს სამხრეთ კავკასიას ცენტრალური აზიის თანამშრომლობის ჩარჩოში, რაც საფუძველს უყრის კასპიის ზღვიდან მსოფლიო ბაზარში ჩართვას.
ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის მონაწილეობა ფორმატს ახალ იმპულსს მისცემს, გააფართოებს ვაჭრობას, ინვესტიციებს, კულტურულ კავშირებს და კოორდინირებულ განვითარებას ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს შორის.
საკონსულტაციო შეხვედრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყურადღება აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა.
„აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უნიკალურია. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საუკუნოვანი ისტორია, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა, ძმობა, მეგობრობა და სოლიდარობა. ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ეს კავშირები, არამედ მას ახალი იმპულსი შევძინეთ, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. ბოლო წლებში ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები რეგულარული გახდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მე 14-ჯერ ვესტუმრე ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ამავე პერიოდში ჩემი კოლეგები ჩვენს ქვეყანას 23-ჯერ ეწვივნენ“, – განაცხადა ალიევმა.