„ცეესკაში“ აცხადებენ, რომ თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკებები არ აქვთ
„ცეესკაში“ აცხადებენ, რომ თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკებები არ აქვთ

რამდენიმე რუსული გამოცემა, მათ შორის sports.ru და slamdunk.ru  წერს, რომ „ცეესკას“ წარმომადგენლის ინფორმაციით, „ბასკონიას“ ქართველი კალათბურთელის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია და თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკება არ გაუმართავთ.

დღეს, 17 ივნისს ესპანეთის ჩემპიონატი განახლდება. თორნიკე შენგელიამ ესპანელ ჟურნალისტებთან ისაუბრა და სხვა თემებთან ერთად, „ცეესკაში“ შესაძლო გადასვლის საკითხსაც შეეხო.

„ცეესკას“ შესახებ ვერაფერს ვიტყვი, – ციტირებს ქართველი კალათბურთელის სიტყვებს  Mundo Deportivo, – „ბასკონიასთან“ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და 100 პროცენტით ამ გუნდთან მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული, ყველა ჩემი ფიქრი ამას უკავშირდება“.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას თვის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონზე მეოთხედ დაასახელეს.