Calcio e Finanza - კვარაცხელია „ნაპოლიში“ წლიური ხელფასით მე-18-20 ადგილზეა #1TVSPORT
Calcio e Finanza - კვარაცხელია „ნაპოლიში“ წლიური ხელფასით მე-18-20 ადგილზეა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბოლო სეზონის შედეგებით „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მოხვდა, სერია A-ს კლუბში ერთ-ერთ ყველაზე მცირე ხელფასს იღებს, – საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის შესახებ ინფორმაციას Calcio e Finanza ავრცელებს.

„წყაროს ცნობით, „ნაპოლიში“ ყველაზე მაღალ ხელფასი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენს აქვს – 4,5 მილიონი ევროს წელიწადში. მეორე და მესამე ადგილებზე ნახევარმცველები პიოტრ ზელინსკი და სტანისლავ ლობოტკა არიან, რომლებიც 3,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, შემდეგ მოდის მცველი ჯოვანი დი ლორენცო – 3 მილიონი ევრო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის იტალიური კლუბიდან მილიონ ევროს იღებს და ამ მაჩვენებლით კლუბში მე-18-20 ადგილებს იყოფს“, – ამტკიცებს Calcio e Finanza.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში სეზონის დაწყებამდე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კვარაცხელიას კონტრაქტის ფინანსური მხარის გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებისთვის გაემგზავრა. მანამდე თავად აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კლუბს წარმატება მოუტანა, თავი შესანიშნავად გამოიჩინა და სეზონის ბოლოს ახალი კონტრაქტის სახით საჩუქარს უმზადებდა. თუმცა, ბოლოს საკუთარი სიტყვები მედიაში გავრცელებულ ჭორებს გადააბრალა.