ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელით“ გოლი გაიტანა, აუქციონზე 3.35 მილიონად გაიყიდა #1TVSPORT
ლეგენდარული საფეხბურთო ბურთი, რომლითაც დიეგო მარადონამ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, Heritage Auctions-ზე გაიყიდა.
ბურთის საბოლოო ღირებულებამ 3.35 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ორგანიზატორების წინასწარ შეფასებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხა აღმოჩნდა, ვინაიდან ისინი 10 მილიონი დოლარის მიღებას გეგმავდნენ. ვაჭრობა შაბათს 2.5 მილიონიდან დაიწყო.
შედარებისთვის, მარადონას იმავე მატჩის მაისური 2022 წელს Sotheby’s-ზე თითქმის 9.3 მილიონად გაიყიდა. გარდა ამისა, აღნიშნულმა ბურთმა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბურთის სტატუსიც კი ვერ მოიპოვა – ეს რეკორდი (4.392 მილიონი) ეკუთვნის ბეისბოლის ბურთს, რომლითაც სოჰეი ოტანიმ კარიერაში 50-ე ჰოუმრანი შეასრულა.
მარადონას ბურთის განსაკუთრებული სტატუსი მის სკანდალურ ისტორიას უკავშირდება: პირველი გოლი არგენტინელმა „ღმერთის ხელით“ გაიტანა, მეორე კი ბრწყინვალე სოლო რეიდის შემდეგ, როდესაც ბურთით ნახევარი მოედანი გაიარა და გზად ხუთი მეტოქე მოატყუა.