ბურჯანაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - ორმაგი დუბლი „ბარსელონასთან“
ბურჯანაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - ორმაგი დუბლი „ბარსელონასთან“

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩები შედგა.

„გრან კანარია“, რომლის ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს, სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 89:75 დამარცხდა. თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სხვა მხრივ იყო გამორჩეული: საქართველოს ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველმა ფორვარდმა ესპანური გრანდის წინააღმდეგ მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა.

ბექა ბურჯანაძემ პირველად ითამაშა კანარელთა სასტარტო ხუთეულში, რაც მის პროგრესზე და მწვრთნელის მხრიდან ნდობის გაზრდაზე მიანიშნებს. ბურჯანაძემ მოედანზე 28,43 წუთი გაატარა და როგორც გითხარით, 14 ქულა და 10 მოხსნა (5 შეტევაში) მოაგროვა. ბექამ ხუთიდან ორი ორქულიანი, ექვსიდან ორი სამქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო და სამი პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველი ლეგიონერის შედეგიანი გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ მას უმეტესწილად თამაში „ბარსელონას“ ლიდერ ნიკოლა მიროტიჩის წინააღმდეგ უწევდა. ამ უკანასკნელმა ამერიკელ ბრენდონ დევისის მსგავსად, კატალონიელებს 20 ქულა შესძინა.

ხუთი ტურის შემდეგ გრან კანარიას ორი მოგება აქვს და ცხრილში მე-11 ადგილზეა. მეექვსე ტურში, 28 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი „ხუვენტუდს“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი