ბურჯანაძის 11 ქულა, მაკფადენის 9 სამქულიანი ესპანეთის ჩემპიონატში [ვიდეო] 1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ „ბადალონას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით დამარცხდა – 82:84. ბეტისმა ბოლო პერიოდი 12 ქულით მოიგო, მაგრამ მანამდე იმდენს აგებდა, საბოლოო წარმატებისთვის ეს გაქცევა არ ეყო.

ბურჯანაძემ 25 წუთი ითამაშა და თავი 11 ქულას, 6 მოხსნასა, 2 პასს მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბეტისმა“ ამ სეზონში მეთერთმეტედ წააგო. ბურჯანაძის გუნდი მე-18 ადგილზეა. მომდევნო ტურში „ბასკონიას“ წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც ამ დროისთვის მე-8 ადგილზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა, რომელიც ესპანური „მურსიას“ ღირსებას იცავს, თავის ყოფილ კლუბ „ბურგოსს“ 18 წუთში 9 სამქულიანი ჩაუგდო.

მაკფადენის გუნდი „ბურგოსს“ სტუმრად ეთამაშა და 102:84 დაამარცხა. საქართველოს მოქალაქეობის მქონე უკანახაზელმა კი 18 წუთში 29 ქულა, 6 ჩაჭრა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. თადმა 13 ცდიდან 9 სამქულიანი და 4-დან 1 ორიანი ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა და მაკფადენი მე-13 ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგების უმთავრესი კანდიდატია.

8 მოგებითა და 5 მარცხით მურსიელები ცხრილში მე-5 ადგილზე არიან.