ბუქარესტში დაგეგმილი იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო
ბუქარესტში დაგეგმილი იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილი იუნიორ ძალოსანთა ტურნირი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე ვირუსის გავრცელების საფრთხეს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და განვიხილოთ“-ნათქვამია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.

ბუქარესტში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის სტარტის დღედ 13 მარტი იყო დასახელებული. ფიცარნაგზე დაახლოებით 80 ქვეყნის წარმომადგენელი უნდა გამოსულიყო, სადაც თუნდაც ინვენტარის ჰიგიენური ნორმების დაცვაც კი შეიძლებოდა, პრობლემური ყოფილიყო. ამასთან საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებმა მონაწილეთა ასაკი გაითვალისწინეს და რუმინეთის ძალოსნობის ფედერაციის მესვეურებთან შეჯიბრის გაუქმების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, ბუქარესტში არც კომიტეტის შეხვედრა და კონგრესი ჩატარდება.