ბუნდესლიგის აუთსაიდერმა „შალკემ“ შემადგენლობის წმენდა დაიწყო
ბუნდესლიგის აუთსაიდერმა „შალკემ“ შემადგენლობის წმენდა დაიწყო

გელზენკირხენის „შალკეს“ პრესსამსახურმა გამოაცხადა კლუბის გადაწყვეტილების შესახებ – ვარჯიშებს ჩამოაშოროს პირველი გუნდის ორი ფეხბურთელი.

ნახევარმცველები ამინ ჰარითი და ნაბილ ბენტალები ძირითადი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებენ იქამდე, სანამ კლუბი მათთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით, ბენტალებთან კონტრაქტს სეზონის ბოლოსთვის გაწყვეტენ.

ასევე იტყობინებიან, რომ „შალკე“ ვადაზე ადრე შეწყვეტს თანამშრომლობას ფორვარდ ვედად იბიშევიჩთან. ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ მას 2020 წლის ბოლოს გაწყვეტენ.

ამ სეზონში 36 წლის იბიშევიჩმა ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 23 წლის ჰარითის ანგარიშზე შვიდ მატჩში ერთი შედეგიანი პასია, 26 წლის ბენტალებს კი რვა მატჩში არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

დღეისთვის, „შალკე“ ბოლო ადგილზეა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში. გუნდს მხოლოდ სამი ქულა აქვს, გერმანიის ჩემპიონატში კი უკვე 10 თვეა არ მოუგია.