ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა
ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა

გერმანიაში დასრულდა 2017-18 წლების ბუნდესლიგის გათამაშება. ვადაზე ადრე გერმანიის ჩემპიონი გახდა მიუნხენის “ბაიერნი”. ასევე, ბოლო ტურის წინ მეორე ადგილი განაღდებული ჰქონდა “შალკეს”. ბრძოლა მიდიოდა მესამე და მეოთხე ადგილებისთვის.

ბოლო ტურში “ჰოფენჰაიმმა” შინ დაამარცხა “დორტმუნდი” (3:1), “ლევერკუზენმა” კი “ჰანოვერს” მოუგო – 3:2. შედეგად, “ჰოფენჰაიმმა“, “დორტმუნდმა” და “ლევერკუზენმა” 55-55 ქულა დააგროვეს და მათ შორის ადგილები ბურთების სხვაობით განაწილდა. “ჰოფენჰაიმი” (+18) მესამეზე გავიდა, “დორტმუნდი” (+17) – მეოთხეზე, “ლევერკუზენი” (+14) – მეხუთეზე.

ასე რომ, 2018-19 წლების სეზონში, გერმანიას ჩემპიონთა ლიგაზე წარმოადგენენ – “ბაიერნი”, “შალკე”, “ჰოფენჰაიმი” და “დორტმუნდი”. ისინი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.
ევროპის ლიგაზე ითამაშებენ – “ლევერკუზენი” (ჯგუფური ეტაპიდან) და “ლაიპციგი” (II საკვალიფიკაციო რაუნდიდან).

მეორე ბუნდესლიგაში გავარდნენ “კიოლნი” და “ჰამბურგი”. ეს უკანასკნელი ისტორიაში პირველად ტოვებს პირველ ბუნდესლიგას.

ვოლფსბურგმა” მე-16 ადგილი დაიკავა და პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენ პლეი ოფში ითამაშებს მეორე ბუნდესლიგის მესამე გუნდთან “კილთან“.

პირველ ბუნდესლიგაში გადავიდნენ – “ნიურნბერგი” და დიუსელდორფის “ფორტუნა”.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა “ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც 29 გოლი გაიტანა.