„ბუნდესლიგა“ რესტარტისთვის მზად არის
„ბუნდესლიგა“ რესტარტისთვის მზად არის

გერმანიის მთავრობამ 6 მაისს ჩატარებულ სხდომაზე მოიწონა „ბუნდესლიგის“ მიმდინარე სეზონის გაგრძელების გეგმა. ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ სეზონი პირველ და მეორე ბუნდესლიგაში შეიძლება მაისის მეორე ნახევარში განახლდეს.

ამის შემდეგ, განცხადებით გამოვიდა გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) პრეზიდენტი კრისტიან ზაიფერტი:

„დღევანდელი გადაწყვეტილება – კარგი ამბავია „ბუნდესლიგისთვის“. ეს უკავშირდება კლუბებისა და მისი თანამშრომლების დიდ პასუხისმგებლობას, რომლებიც მაქსიმალური დისციპლინით ასრულებდნენ სამედიცინო და ორგანიზაციულ მოთხოვნებს. თამაშები მაყურებლების გარეშე არ არის იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ კრიზისის პირობებში, რომელიც თავად კლუბების არსებობას უქმნის საფრთხეს, ეს ერთადერთი ხერხია შევინარჩუნოთ ლიგა დღევანდელი სახით. დღეს მე მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკოსებსა და მთავრობას ნდობისთვის“.

***

მაშ ასე, დიდი ალბათობით, გერმანიაში ფეხბურთი 22 მაისს დაბრუნდება. თავდაპირველად, ბუნდესლიგის განახლება იგეგმებოდა 9 მაისს, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსის დაინფიცირების ახალი ტალღა აგორდა – კარანტინის ზომების შემსუბუქებით, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და რესტარტის გადადება მოუწიათ. დასახელდა ახალი თარიღი – 15 მაისი, თუმცა, გაირკვა, რომ გერმანიაში დიდი ფეხბურთის დაბრუნება კიდევ ერთი კვირით გადაიწევდა, რადგან მთავრობამ მოითხოვა განახლების წინ, ბუნდესლიგის ყველა გუნდს გაევლო აუცილებელი ორკვირიანი კარანტინი. სავარაუდოდ, ეს უნდა მოხდეს საწვრთნელი ბანაკის ფორმატში: ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალი იცხოვრებენ ბაზაზე და იქიდან არსად გავლენ.

სეზონის განახლების გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია, ასე რომ, ახლა, კლუბები უნდა მოემზადონ ამისთვის და გაეცნონ წესებს, რომლითაც ჩატარდება მატჩები.

ყველა მატჩი გაიმართება მაყურებლების გარეშე. სტადიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაშვებული იქნება ჯამში 322 ადამიანი. მათ შორის იქნებიან: ფეხბურთელები, მწვრთნელები, კლუბების წარმომადგენლები, სტადიონის თანამშრომლები, ჟურნალისტები და მაუწყებლები.

პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბების ყველა წარმომადგენელი აუცილებლად გაივლის ტესტს კორონავირუსზე. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 25 ათასი ტესტი. ამ მხრივ, საერთო დანახარჯი 2.5 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ყველა ფეხბურთელი დამცავი ნიღბით ითამაშებს. ამას ითხოვს გერმანიის შრომის სამინისტრო. ამასთან, ყოველ 15 წუთში თამაში გაჩერდება იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ამოსუნთქვისა და ნიღბების შეცვლის საშუალება ჰქონდეთ. ასეთი პაუზების მომენტში, ფეხბურთელები ვალდებულნი იქნებიან, ერთმანეთთან 1.5 მეტრი დისტანცია დაიცვან. ასევე მსაჯები შეეცდებიან არ დაუშვან არასაჭირო კონტაქტები. მაგალითად, ხვევნა-კოცნა გატანილი გოლების შემდეგ. თუმცა, ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმაზე, ექნებათ თუ არა არბიტრებს უფლებამოსილება – ყვითელი ბარათი გამოიყენონ სოციალური დისტანციის დარღვევისთვის.

ამ მომენტისთვის, პირველი და მეორე ბუნდესლიგის ყველა წარმომადგენელი – მოთამაშეები, მწვრთნელები, პერსონალი – ტესტებს გადის კორონავირუსზე. 36 კლუბში ჩატარებულმა 1724-მა ტესტმა კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოავლინა. ისინი სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს. ამჟამად, გუნდები საკუთარ ბაზებზე ვარჯიშობენ, ხოლო ბერლინის „ჰერტას” ძირითადმა ფორვარდმა სალომონ კალუმ კი უკვე მოსწრო წესის დარღვევა – მან განათავსა ვიდეო, რომელშიც კლუბის ბაზაზე თანაგუნდელებს ხელის ჩამორთმევით ესალმება და არღვევს სოციალური დისტანცირების წესს. ის ჩამოაშორეს ვარჯიშებს.

როგორც „კიკერი” წერს, ბუნდესლიგის ფეხბურთელები მატჩების წინ, იზოლაციაში იქნებიან სასტუმროებში, მათ ყოველ თამაშამდე შეამოწმებენ კორონავირუსზე და ტესტების შედეგების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას მატჩებზე მათი დაშვების შესახებ. სოციალური დისტანციის დასაცავად, გუნდი თამაშებზე სამი ავტობუსით მივა, ფეხბურთელები კი მოედანზე თითო-თითო გავლენ.

ბუნდესლიგაში 25 ტურია ჩატარებული. სეზონის დასრულებამდე დარჩა ცხრა სათამაშო დღე. 55 ქულით ლიდერობს „ბაიერნი”. მისი მდევრები არიან – „დორტმუნდი“ (51 ქულა), „ლაიპციგი“ (50 ქულა) და „გლადბახი“ (49 ქულა). სეზონის განახლებისთანავე, გულშემატკივრებს რურის დერბი ელოდებათ „დორტმუნდსა“ და „შალკეს“ შორის.