ბულგარული მედია თბილისში წაგებას გამოეხმაურა - საქართველოს ნაკრები კოშმარად გვექცა #1TVSPORT
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში თბილისში ბულგარეთის ნაკრების საქართველოსთან მარცხმა (0:3) ამ ქვეყნის გულშემატკივრები, საფეხბურთო სპეციალისტები და მედია ძალიან გააღიზიანა. ამაზე წერილის სათაურები და ცნობილი ვეტერანი მოთამაშის კომენტარი მეტყველებს:
Sportlive – „საქართველოს ნაკრები ბულგარეთისთვის კოშმარად იქცა“
Dsport – „საქართველო ესპანეთი არ არის, მაგრამ ბულგარეთმა ისევ წააგო“
Gol – „საქართველომ ბულგარეთი თბილისურ წყალდიდობაში ჩაძირა“
ბულგარეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სტილიან პეტროვმა, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ირონიულად დაწერა, რომ შეხვედრას არ უყურა.
„არ მქონდა მატჩის ყურების შესაძლებლობა და ბულგარელმა „გმირებმა“ როგორ ითამაშეს?“ – „სელტიკისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა რიტორიკული კითხვა დასვა, რასაც გულშემატკივრების ბევრი კომენტარი მოჰყვა.