ბულგარული გამოცემა - თბილისში ჩვენს ნაკრებს ჯოჯოხეთი ელის #1TVSPORT
ბულგარული გამოცემა - თბილისში ჩვენს ნაკრებს ჯოჯოხეთი ელის #1TVSPORT

​ბულგარული გამოცემა „გონგი“ გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ 12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილ საქართველო-ბულგარეთის შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა.

თბილისში „ლომებს“ ჯოჯოხეთი ელოდებათ – საქართველოს 50 ათასზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, – წერს გამოცემა.

„ერთა ლიგაზე საქართველო-ბულგარეთის მატჩზე ბილეთები გაყიდულია. შეხვედრა კვირას, 12 ივნისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და სტადიონის ტრიბუნები, რომელიც 54 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს, სრულად გაივსება.

საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრები აღტაცებულები არიან მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე გამოსვლა სამი მოგებით დაიწყო – სახლში 4:0 გიბრალტართან, 5:2 სტუმრად ბულგარეთთან და 3:0 სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

გამარჯვებების წყალობით საქართველო თავდაჯერებულად ლიდერობს ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდი 9 ქულით პირველ ადგილზეა, 5 ქულით ასწრებს ჩრდილოეთ მაკედონიას და 7-ით – ბულგარეთს. ჩვენთან ქართველების გამარჯვება (თუ გიბრალტართან ჩრდილომაკედონია ვერ მოიგებს), მათ ევრო 2024-ის პლეი ოფში მოხვედრის გარანტიას მისცემს“, – წერს ბულგარული გამოცემა.

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.