ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - დასტრესილი ვართ, მაგრამ ხვალ საქართველოსთან გავალთ მოედანზე და ვითამაშებთ #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - დასტრესილი ვართ, მაგრამ ხვალ საქართველოსთან გავალთ მოედანზე და ვითამაშებთ #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი ივანოვმა საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მდგომარეობა შეაფასა. თუმცა მანამდე ბულგარელთა წარმომადგენლებმა ნაკრების ნახევარმცველს, ტოდორ ნედელევის მდგომარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში დაშავდა და თავის ქალაზე ოპერაცია გაუკეთეს.

ხრისტო ზაპრიანოვი, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივანი:

„ჩვენს გუნდს სამწუხარო ინციდენტი შეემთხვა და პრესკონფერენციას ამ ინფორმაციით დავიწყებ. უღრმესი მადლობა ქართულ მხარეს თანადგომისთვის – გუნდის, ფედერაციისა და ბულგარული საზოგადოების სახელით. ქართული ფედერაციის ყველა წევრს მადლობა, რადგან 48 საათი არ გვძინებია, ხოლო საქართველოდან დიდი მხარდაჭერა დავინახეთ. ბულგარეთის საელჩო გვეხმარებოდა. ასეთ მდგომარეობაში მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, თამაშის გადადება გვსურდა, მაგრამ ჩვენ ხვალ მოედანზე გავალთ. ვალდებულები ვართ, რომ ეს თამაში ტოდორ ნედელევისა და ბულგარელი ერისთვის ვითამაშოთ“.

ბისერ ბოჩევი, ბულგარეთის ნაკრების გუნდის ექიმი: 

„შუადღის 12 საათამდე ბულგარეთის კონსულ ალისა დიმიტროვასთან ერთად ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ვიმყოფებოდით. ტოდორი უკვე კომიდან გამოყვანილია, სტაბილურადაა, კიდურებს ამოძრავებს და ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშნდელი ავარიის შემდეგ ჰქონდა ამნეზიის ნიშნები, ძლიერი სისხლდენა თავიდან. უღრმესი მადლობა შოთა ინგოროყვას, რომლის დახმარებითაც ნედელევის მკურნალობა და სასურველი შედეგის მიღება გახდა შესაძლებელი. არადა, თავიდან დადგინდა, რომ თავის ქალა დაუზინდა და სასწრაფოდ ოპერაცია დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ტოდორი კიდევ ორი დღე დარჩება ინტენსიურ განყოფილებაში. შემდეგ კი ექიმები გადაწყვეტენ, რა დრო დასჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის, როდის შეძლებს ბულგარეთში დაბრუნებას. თამაშის მიზანშეწონილობის შესახებ იყო ქართულ მხარესთან საუბარი, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მატჩი გამართულიყო“.

გეორგი ივანოვი, ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: 

„შეიძლება თუ არა ახლა ფეხბურთზე ფიქრი? რთული ვითარებაა. ამ საკითხზე ვიფიქრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა გავიდეთ მოედანზე და ვითამაშოთ. საქართველოს ნაკრები კარგ ფორმაშია. ჩვენ დასტრესილი ვართ და ხვალ იოლი თამაში არ გველის, მაგრამ მობილიზებას შევეცდებით და ხვალ ვითამაშებთ“.

ბულგარეთთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრით საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო მატჩების სერიას დაასრულებს. საქართველო-ბულგარეთის მატჩს 20:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.