ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს [ვიდეო] #1TVSPORT

გამოცემა „ტოპსპორტის“ ცნობით, საქართველოში ბულგარეთის ნაკრების დელეგაცია ავარიაში მოჰყვა, სადაც გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ერთ-ერთი ლიდერი, თოდორ ნედელევი დაშავდა.

„ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ჩვენი დელეგაციის პირველი მანქანა შეეჯახა მეორე ავტობუსს, რომელშიც ჩვენი მოთამაშეები იმყოფებოდნენ. ნახევარმცველი თოდორ ნედელევი ძლიერი დარტყმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი გუნდის დანარჩენი მოთამაშეები არ დაზიანებულან და მხოლოდ შეშინდნენ“, – წერს „ტოპსპორტი“.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ბულგარეთის ნაკრები თბილისში ჩასვლისთანავე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი გუნდის ორი ავტობუსიდან პირველის მძღოლმა დაკარგა კონტროლი, რამაც სერიოზული ავარია გამოიწვია. შეჯახების შემდეგ თოდორ ნედელევი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის ვრცელ გამოკვლევას გადის. გუნდის ყველა სხვა წევრი და ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობა კარგად არის“, – ნათქვამია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.