ბულგარეთი-საქართველოს პირველი მატჩის უნიკალური კადრები - ასე იმედიანად იწყებდნენ „ჯვაროსნები“ [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება. ეს ამ გუნდების მეექვსე მატჩი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-სა და უეფა-ს წევრი 1992 წელს გახდა და საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო. პირველი იყო ევრო 96-ის შესარჩევი ციკლი, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს.

1994 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრა გამართა სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან, რომელიც სამი თვით ადრე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ეს დაპირისპირებაც, დღევანდელის მსგავსად, ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგა და 45 000 მაყურებელი დაესწრო.

0:2 წავაგეთ. ამის მიუხედავად ეს მატჩი ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. მასპინძლებმა შეცვლაზე შესული ემილ კოსტადინოვის დუბლით (58′, 63′) 2:0 მოიგეს, მაგრამ ალექსანდრე ჩივაძის გუნდს გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. თემურ ქეცბაიამ ორჯერ ჯარიმა შეასრულა და ვერ გაიტანა. გატანის შანსი ასევე ჰქონდა კახი გოგიჩაიშვილს – ეს ყოველივე ანგარიშის გახსნამდე მოხდა.

ამ მატჩის ამსახველი უნიკალური ვიდეოდან დარწმუნდებით, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მეოთხედაგილოსან ნაკრებთან სულ მცირე ცუდად მაინც არ ითამაშა… კადრები საინტერესოა იმითაც, რომ პრესკონფერენციაზე თარჯიმანი სიგარეტს ეწევა – ეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნე იყო, როდესაც ქართველები ფეხბურთს გუნდურად ვთამაშობდით.

 


12 ოქტომბერი, 1994. ევრო 1996. შესარჩევი მატჩი. ბულგარეთი, სოფია.

ბულგარეთი 2:0 საქართველო

გოლები: 1:0 ემილ კოსტადინოვი (58), 2:0 ემილ კოსტადინოვი (63)

ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი. 45000

ბულგარეთი: დიმიტარ პოპოვი, ილიან კირიაკოვი, ტრიფონ ივანოვი, პეტარ ხუბჩევი, ცანკო ცვეტანოვი, ზლატკო იანკოვი, იორდან ლეჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი, დანიელ ბორიმიროვი (ემილ კოსტადინოვი 54), ნასკო სირაკოვი (ლუბოსლავ პენევი 67), ხრისტო სტოიჩკოვი (კაპ)

მწვრთნელი: დიმიტარ პენევი

საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 72), კახი გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გია გურული 78)

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გაფრთხილება: დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე, ზლატკო იანკოვი

არბიტრი: ლადისლავ გადოში (სლოვაკეთი)


საქართველო-ბულგარეთი. სტატისტიკა

ევრო 1996 – შესარჩევი მატჩი – 12 ოქტომბერი, 1994

ბულგარეთი 2:0 საქართველო

 

ევრო 1996 – შესარჩევი მატჩი – 11 ოქტომბერი, 1995

საქართველო 2:1 ბულგარეთი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 12 ნოემბერი, 2005

ბულგარეთი 6:2 საქართველო

 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი – 2008 წლის 15 ოქტომბერი

საქართველო 0:0 ბულგარეთი

 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი – 14 ოქტომბერი, 2009

ბულგარეთი 6:2 საქართველო