ბულგარელთა ახალი მწვრთნელი - საქართველოსთან თამაშის შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობთ  #1TVSPORT
ბულგარელთა ახალი მწვრთნელი - საქართველოსთან თამაშის შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობთ #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა გეორგი ივანოვმა ერთა ლიგაში გიბრალტართან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ბევრად მეტი შეუძლიათ. ვესაუბრეთ და მიხვდნენ, რა შეცდომები დაუშვეს. ამ ბიჭებმა ბოლოს ურთულესი მატჩები გადაიტანეს. რაც მოხდა, ყველამ იცით. საქართველოსთან ნაკრებთან თამაშის შემდეგ ჩვენ ყველანი თავს უხერხულად ვგრძნობთ“, – განაცხადა გიორგი ივანოვმა.

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ტექნიკური დირექტორი, რომელიც გუნდს მხოლოდ ივნისში, გობრალტართან (9 ივნისს) და საქართველოსთან (12 ივნისს) უხელმძღვანელებს, ამბობს, რომ სათამაშო ტაქტიკას შეცვლის:

„ჩემთვის ცხადი იყო, რომ ორივე თამაშში გუნდში რაღაც კარგად არ იყო. ეს უნდა შევცვალოთ. ეს იყო ტკივილი არა მხოლოდ მათთვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ასე აღარ გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ისტორიულად უხერხული მეტოქე საკუთარ მოედანზე, რაზგრადში 5:2 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა.

მატჩის შემდეგ ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი თანამდებობიდან გადადგა, მის ადგილზე კი დროებით საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი გიორგი ივანოვი დანიშნეს.